რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

IAEA: რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დირექტორი გაათავისუფლეს

გაეროს ბირთვული კონტროლის ხელმძღვანელის, რაფაელ გროსის თქმით, ოკუპანტებმა რუსეთის მიერ ოკუპირებული ზაპოროჟეს ატომური ელექტროსადგურის ხელმძღვანელი, იგორ მურაშოვი გაათავისუფლეს

IAEA-ის ცნობით, ორგანიზაცია შესაბამის ორგანოებს დაუკავშირდა, საიდანაც გაირკვა, რომ იგორ მურაშოვი დროებით პატიმრობაში იმყოფებოდა. 

"მივესალმები უკრაინის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გენერალური დირექტორის, იგორ მურაშოვის გათავისუფლებას. ჩემი ინფორმაციით, ბატონი მურაშოვი ოჯახთან უსაფრთხოდ დაბრუნდა". - წერს გროსი Twitter-ზე. 

ენერგოატომის ინფორმაციით, რუსეთის მიერ ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გენერალური დირექტორი რუსულმა პოლიციამ 30 სექტემბერს დააკავა

"ის მანქანიდან გადმოიყვანეს და თვალებახვეული გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს". - დაწერა ენერგოატომის ხელმძღვანელმა, პეტრო კოტინმა Telegram-ზე.

კოტინის ცნობით, მურაშოვს სადგურის ბირთვულ და რადიაციულ უსაფრთხოებაზე მთავარი და ექსკლუზიური პასუხისმგებლობა ეკისრება, შესაბამისად, მისი დაკავება უკრაინისა და ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგურის მუშაობისთვის სახიფათო იყო. 

ენერგოატომის ხელმძღვანელმა რუსულ ძალებს ქარხნის ხელმძღვანელობისა და პერსონალის მიმართ ბირთვული ტერორისტული აქტების დაუყოვნებლივ შეჩერებისკენ მოუწოდა. 

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური 4 მარტიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების ხელშია. დაწესებულების უკრაინელ ინჟინრებს მუშაობის გაგრძელება რუსეთის ზედამხედველობის ქვეშ შეეძლოთ.

25 აგვისტოს, ისტორიაში პირველად, ენერგოქსელიდან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ყველა ბლოკი გაითიშა. ენერგოატომის ინფორმაციით, 25 აგვისტოს ზაპოროჟიეს თერმული ელექტროსადგურში გაჩენილმა ხანძარმა გამოიწვია ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უკანასკნელი, მეოთხე კავშირის ხაზის ორჯერ გათიშვა. დანარჩენი სამი ხაზი აქამდე რუსი ოკუპანტების იერიშების შემდეგ გაითიშა. შედეგად, ქსელიდან გაითიშა ბოლო მოქმედი ორი ენერგობლოკი. 26 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ზაპოროჟიეს ატომური სადგურისთვის ელექტროენერგიის მიწოდება თბოსადგურის ერთი წყაროდან განახლდა.

11 სექტემბერს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მუშაობა კიდევ ერთხელ სრულად შეჩერდა. ენერგოატომი აცხადებდა, რომ უკრაინის სისტემა რუსული დაბომბვის შედეგად დაზიანდა.

IAEA-ს ცნობით, ახლა ელექტროსადგურის ექვსივე რეაქტორი ცივი შეჩერების რეჟიმში მუშაობის, თუმცა უსაფრთხოებისთვის მათ ელექტროენერგია მაინც სჭირდება. 5 სექტემბრის შემდეგ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ოჯახებსა და ქარხნებს ელექტროენერგიით აღარ ამარაგებს.

კომენტარები