განზრახ მკვლელობა

შსს: 65 წლის კაცი ცივი იარაღით მოკლეს, ცხედარი ქუჩაში გადაიტანეს და დატოვეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1966 წელს დაბადებული ზ.თ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობები მიაყენა ნაცნობს – 1957 წელს დაბადებულ დ.შ.-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

მათივე ცნობით, ზ.თ.-მ, კვალის დაფარვის მიზნით, გარდაცვლილის ცხედარი დანაშაულის ჩადენის ადგილიდან მოშორებით გადაიტანა და ერთ-ერთ ქუჩაზე დატოვა. 

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი მომხდარიდან მალევე დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები