ინდონეზია

ინდონეზიაში საფეხბურთო მატჩის შემდეგ ჭყლეტას 150-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

პოლიციის ცნობით, ინდონეზიის ლიგის საფეხბურთო მატჩის შემდეგ ძალადობისა და ჭყლეტის შედეგად 150-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

შემთხვევა აღმოსავლეთ იავის პროვინციაში, ქალაქ მალანგიში საფეხბურთო კლუბებს არემასა და პერსებაიას შორის გამართული მატჩის შემდეგ მოხდა. საფეხბურთო მატჩი 3-2-ით, არემას მარცხით დასრულდა.

აღმოსავლეთ იავის პოლიციის უფროსის, ნიკო აფინტას თქმით, წაგებული მხარის მხარდამჭერები მოედანზე შეიჭრნენ, პოლიციამ კი საპასუხოდ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, რამაც ხალხის ჭყლეტა გამოიწვია.

34 ადამიანი გარდაიცვალა ადგილზე, დანარჩენი კი საავადმყოფოში ყოფნისას. დაღუპულთა შორისაა 2 პოლიციელი. 

გულშემატკივართა ძალადობა მუდმივი პრობლემაა ინდონეზიაში, სადაც ძლიერი მეტოქეობა ადრეც გადაიზარდა სასიკვდილო დაპირისპირებაში. მოსალოდნელი ძალადობის შიშის გამო, პერსებაიას გულშემატკივრებს ბილეთების ყიდვის უფლება არ მიეცათ. ამასთანავე, ორგანიზატორებმა უგულებელყვეს ხელისუფლების რეკომენდაცია, რომ მატჩი საღამოს ნაცვლად შუადღისას ჩაეტარებინათ.

კომენტარები