ჰოლივუდი

თბილისში 9 ოსკარის ნომინანტი ხმის დიზაინერი უაილი სთეითმენი შეხვედრას გამართავს

SpaceNews

თბილისში 9 ოსკარის ნომინანტი და ემის მფლობელი ხმის დიზაინერი უაილი სთეითმენი შეხვედრას გამართავს.

ცნობილ ხმის დიზაინერთან შეხვედრა ქართული კომპანიების Postred და Soundlux Collective-ის ორგანიზებით გაიმართება. სთეითმენი აუდიტორიის წინაშე სიტყვით წარსდგება.

ვიზიტი უკავშირდება კომპანიის მიერ, The USAID Industry-Led Skills Development Program-ის ფარგლებში დაარსებული POSTRED Academy-ს გახსნას, რომელიც სტუდენტებს შეასწავლის ხმის დიზაინსა და მუსიკას ვიზუალური მედიისთვის

უაილი სთეითმენი ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ხმის დიზაინერია. სხვადასხვა წლებში მიღებული აქვს ემი, BAFTA, არის ოსკარის ცხრა გზის ნომინანტი. ნამუშევარი აქვს ისეთ რეჟისორებთან როგორებიც არიან კვენტინ ტარანტინო(Once Upon a Time in Hollywood, Django Unchained, Inglourious Basterds, Kill Bill), ოლივერ სტოუნი(Born on The Fourth of July), ჯონ ჰიუზი(Ferris Bueller's Day Off). 2021 წელს სერიალისთვის Queen's Gambit მიიღო სატელევიზიო პრემია ემი.

Postred ქართული აუდიო პოსტპროდუქციის კომპანიაა, რომელიც 2015 წელს ხმის დიზაინერმა ბესო კაჭარავამ და კომპოზიტორმა ზვიად მღებრიშვილმა დააფუძნეს. 6 წლის განმავლობაში კომპანიამ ათობით ქართულ და უცხოურ ფილმზე, მათ შორის სანდენსის კინოფესტივალის გამარჯვებულ ნამუშევრებზე – “სოვდაგარზე” და “Cusp”-ზე, კანის კინოფესტივალის მონაწილე გახმაურებულ LGBT დრამაზე “და ჩვენ ვიცეკვეთ”-ზე, სან-სებასტიანისა და ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალების ტრიუმფატორზე “დასაწყის”-ზე იმუშავეს. Postred ქართულ ბაზარზე წამყვანი გუნდია, რომელიც მუსიკის, საუნდ ედიტინგის, საუნდ მიქსინგის და ფოლის სერვისებზე სპეციალიზირდება.

2021 წელს მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა A Concerto Is a Conversation, რომელზეც Postred მუშაობდა ოსკარის ნომინაცია მიიღო.

უაილ სთეითმენთან შეხვედრა 1 ოქტომბერს, 13:30 საათზე, სასტუმრო Garden Hall at Rooms Hotel-ში გაიმართება.

კომენტარები