ირანი

ირანში საპროტესტო აქციებზე დაღუპულთა რიცხვი 83-მდე გაიზარდა

ირანში საპროტესტო აქციებზე დაღუპულთა რიცხვი 83-მდე გაიზარდა.

"დადასტურებული ინფორმაციით, საპროტესტო აქციებზე, სულ მცირე, 83 ადამიანი, მათ შორის, ბავშვები მოკლეს". - წერს ირანის ადამიანის უფლებათა ორგანიზაცია Twitter-ზე. 

ირანში ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციები გრძელდება.

აქციები გაგრძელდა თეირანის ცენტრში, სადაც ათასობით ადამიანი უზენაესი ლიდერის, ალი ხომენეის წინააღდეგ შეიკრიბა. აქტივისტებმა დახიეს ხომეინის პოსტერები და ის უგუნურ ლიდერად მოიხსენიეს.

გავრცელებული ინფორმაციით, პალესტინის მოედნიდან, თეირანის უნივერსიტეტთან ახლოს, უსაფრთხოების ძალებმა აქტივისტები დაარბიეს. IRGC-სთან დაკავშირებულმა საინფორმაციო სააგენტო Fars-ი იტყობინება, რომ უსაფრთხოების ძალებმა მომიტინგეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

ირანის მოსახლეობა მორალის პოლიციის მიერ 22 წლის მაჰსა ამინის ცემისა და შემდგომში მისი გარდაცვალების გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ირანში არსებული ქურთების უფლებადამცველთა ორგანიზაცია ავრცელებს

ჰენგაუს ადამიანის უფლებათა ორგანიზაციის ცნობით, ორი დემონსტრანტი დაიღუპა მას შემდეგ, რაც ირანის უსაფრთხოების ძალებმა აქციის მონაწილეებს საკეზში, ამინის მშობლიურ ქალაქში ცეცხლი გაუხსნეს. ორგანიზაციის ინფორმაციით, უსაფრთხოების ძალები კიდევ ორ აქტივისტს ქალაქ დივანდარეში გაუსწორდნენ. ჰენგაუს ადამიანის უფლებათა ორგანიზაციის მტკიცებით, პოლიციამ ათობით მომიტინგე დააკავა, ასევე დაშავდა 15 ადამიანი.

მას შემდეგ, რაც თეირანში მორალის პოლიციამ 22 წლის მაჰსა ამინი დააკავა, იგი ჯერ კომაში ჩავარდა და შემდეგ გარდაიცვალა. შემთხვევას თეირანში დემონსტრაციები მოჰყვა. 

მისი სიკვდილი დაგმეს მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჰეშთეგით - #MahsaAmini, რამაც Twitter-ზე 1,8 მილიონ გაზიარებას მიაღწია. 

პოლიციის ინფორმაციით, ამინი ავად მაშინ გახდა, როდესაც სხვა ქალების დაკავებას მორალის პოლიციასთან ერთად ელოდებოდა. უწყება 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ დაწესებულ მკაცრ წესებს აკონტროლებს. კანონი ქალებს თმების დაფარვასა და საჯარო სივრცეში ფართო ტანსაცმლის ტარებას ავალდებულებს.

13 სექტემბერს მაჰსა ამინი ოჯახთან ერთად გადაადგილებისას მორალის პოლიციის სპეციალურმა განყოფილებამ გააჩერა, რომელსაც ქალების ჩაცმულობის მკაცრი კონტროლი ევალება. IranWire-ის ცნობით, უფლებადამცველები, რომლებიც ოჯახს ესაუბრნენ, ამბობენ, რომ პოლიციამ ამინი პოლიციის მანქანაში ძალით ჩასვა. თვითმხილველების თქმით, ის ფურგონშიც სცემეს.  

მაჰსა ამინის ოჯახი ამბობს, რომ დაპატიმრებამდე მაჰსას არანაირი ჯანმრთელობის პრობლემა არ აღენიშნებოდა. თუმცა, ოჯახს შეატყობინეს, რომ ამინი დაკავებიდან რამდენიმე საათში კლინიკაში გადაიყვანეს. მათივე თქმით, გარდაცვალებამდე ქალი კომაში იყო.

ირანელი მაღალჩინოსნების თქმით, ამინის ცხედარს აუტოფსია ჩაუტარდა. სახელმწიფო ტელევიზიით საუბრისას ირანის სასამართლო სამედიცინო ორგანიზაციის დირექტორმა, მეჰდი ფოროზეშმა თქვა, რომ შედეგები სამედიცინო ექსპერტების მიერ შემოწმების შემდეგ გამოქვეყნდება.

კომენტარები