ლუკაშენკოს ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში

კალინდრა: აფხაზეთში ლუკაშენკოს ვიზიტით ბელარუსი და რუსეთი გაეროს ქარტიას არღვევენ

ლიტვის ელჩი საქართველოში, ანდრიუს კალინდრა

ლიტვის ელჩი საქართველოში, ანდრიუს კალინდრას თქმით, საქართველოს აფხაზეთში ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტი ამტკიცებს, რომ ბელარუსი და რუსეთი გაეროს ქარტიას პატივს არ სცემენ.

"დღეს ბელარუსის რეჟიმის ლიდერის ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტი საქართველოს აფხაზეთის რეგიონში ამტკიცებს, რომ ბელარუსი და რუსეთი გაეროს ქარტიას, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპს პატივს არ სცემენ. ლიტვა საქართველოს სრულ მხარდამჭერად უცხადებს". - წერს ელჩი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პროტესტის ნიშნად საქართველოში ბელარუსის ელჩი, ანატოლი ლისი დაიბარეს. უწყების ინფორმაციით, ელჩთან შეხვედრა ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტთან და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრას შეეხებოდა.

ბელარუსის დიქტატორი პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა და მარიონეტ ლიდერს, ასლან ბჟანიას ბიჭვინთაში შეხვდა.

ლუკაშენკომ შეხვედრის ფარგლებში თქვა, რომ მან გასულ დღეს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან აფხაზეთის საკითხზე ისაუბრა. მისი თქმით, მივიდნენ დასკვნამდე, რომ "აფხაზეთი არ უნდა მიატოვონ".

ბელარუსი დიქტატორის თქმით, მას ოკუპირებულ აფხაზეთთან სერიოზული ურთიერთობა სურს.

კომენტარები