ლუკაშენკოს ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში

პაპუაშვილი ლუკაშენკოზე: ბელარუსი ამ ნაბიჯით ძალიან ახლოს მივიდა წითელ ხაზთან

რა თქმა უნდა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი, როდესაც სხვა ქვეყნის ლიდერი საქართველოს ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად შემოდის საქართველოს ტერიტორიაზე. ამიტომაც, ძალიან მკვეთრი, დიპლომატიური ნაბიჯი გადაიდგა კიდევაც, საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიბარა ბელარუსის ელჩი, მოსთხოვა მას განმარტება და ახლა სამინისტრო არის ამ განმარტების მოლოდინში.

თავისთავად, ეს ნაბიჯი, ანუ ეს ჩასვლა, არღვევს როგორც საერთაშორისო სამართალს, ასევე არღვევს ჩვენს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. გარდა ამისა, ეს ეწინააღმდეგება იმ ურთიერთობას, რაც არის საქართველოსა და ბელარუსს შორის. ამიტომ, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ბელარუსი დაუბრუნდება საერთაშორისო სამართლით აღიარებულ პრინციპებს და ამ განმარტების ფარგლებში ჩვენ ვნახავთ, რომ რაც შეეხება განსაკუთრებით არაღიარების პოლიტიკას, აქ რაიმე ნაბიჯი არ გადაიდგმება.

მოთხოვნილ იქნა განმარტებები და ეს განმარტებები უნდა იქნას წარმოდგენილი. ბელარუსი ამ ნაბიჯით ძალიან ახლოს მივიდა წითელ ხაზთან საქართველოსთან ურთიერთობის და მნიშვნელოვანია, რომ ეს წითელი ხაზი არ იქნას გადაკვეთილი.

აქ საჭიროა, ძალიან ფხიზელი, დიპლომატიური მიდგომა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან კონსულტაციით და მათთან შეთანხმებით, რათა ბელარუსმა არ გადადგას რაიმე ისეთი ნაბიჯი, რაც საერთაშორისო სამართლის პრინციპებთან მოვა წინააღმდეგობაში და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის უპატივცემულობა იქნებოდა ასეთი ნაბიჯი.

ასე რომ საქართველოს მთავრობამ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ამ ეტაპისთვის ადეკვატური დიპლომატიური ნაბიჯი გადადგა და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ნაბიჯი თავის შედეგს გამოიღებს.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი რუსთავი ორის ეთერში, ოკუპირებულ აფხაზეთში  ბელარუსის პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით. 

კომენტარები