სოხუმის დაცემისდღე

ზურაბიშვილი: მზად უნდა ვიყოთ ახალი პერსპექტივისთვის, არ შეიძლება, გლოვაში ვიცხოვროთ

დღევანდელი დღე არის ჩვენს ახლო ისტორიაში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული დღე. ამ დღისა და ამ დღისთვის დაცემული გმირების ხსოვნა არის ჩვენთვის ყველასთვის ვალდებულება და ეს მეხსიერება არასოდეს არ უნდა დაიკარგოს. ამავე დროს, უნდა ითქვას, რომ თითქმის 30 წელი გავიდა, ეს არის ერთი თაობა და ამ ერთმა თაობამ გვაჩვენა ყველას, მე ვფიქრობ, აფხაზეთის მოსახლეობას აჩვენა, რომ არაფრისმომტანი არ იყო ეს 30 წელი თითქმის, არა აფხაზეთის კულტურისთვის, არა ენისთვის, არა მისი ეკონომიკისთვის, არა მისი განვითარებისთვის და ეს არის ის, რასაც დღეს ალბათ ის ახალგაზრდა თაობა, რომელიც ცხოვრობს ოკუპირებულ აფხაზეთში, ამას ხვდება, რომ რუსეთის ოკუპაცია არაფრისმომტანი არ არის. 

ჩვენ დღეს უნდა ვიყოთ მზად, რომ დავინახოთ და ჩვენც ვაჩვენოთ, რომ ახალი დრო, ახალი პერსპექტივა, ახალი ურთიერთობა იწყება. ამაზე უნდა ვიფიქროთ. გლოვა არ ყოფნის, გლოვა აუცილებელია, რომ ჩვენ ვიცოდეთ, რა არის ჩვენი წარსული, მაგრამ გლოვაში არ შეიძლება, რომ ვიცხოვროთ. უნდა ვიცხოვროთ მომავალში და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს მომავალი ძალიან ბევრს და ძალიან ჩქარა მოგვიტანს. ამას ვხედავთ, როცა გამოდის იქ ჩვენი მოსახლეობა ბიჭვინთის საკითხზე, ამას ვხედავთ დღეს, როცა რეაქციები იწყება ამ მობილიზაციაზე, ეს ყველაფერი არის ის ნიშნები, რომლებიც კარგად უნდა წავიკითხოთ. 

ამავე დროს, მინდა, ვისარგებლო დღევანდელი დღით და ვთქვა, რომ ჩვენ უნდა დავგმოთ კატეგორიულად ის რეფერენდუმები, რაც ტარდება დღეს აღმოსავლეთ უკრაინაში, რამეთუ ვიცით რას ნიშნავს ეს რეფერენდუმები როცა ჩატარებული არის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, როცა ეს არის ამ პერიოდში, ომის პირობებში, რას ნიშნავს და რა შეიძლება იყოს. ეს არის უაღრესად ცინიკური ქმედება რუსეთის მიერ, რომელიც ჩვენთვის არის მიუღებელი და მსოფლიოსთვის მიუღებელია, ცივილიზებული ადამიანებისთვის არის სრულიად მიუღებელი. 

ამბობს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. დღეს, 27 სექტემბერს სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა.

კომენტარები