უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთში გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის გამო, აიკრძალა როსტოვის ოლქიდან გასვლა, ხოლო იქ ჩაწერილი მოქალაქეები სამი დღის გამავლობაში გაწვევის პუნქტებში უნდა გამოცხადდნენ.
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთი მობილიზაციას განაგრძობს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზეც, მათ შორის ლუგანსკის ოლქის ქალაქ სვატოვოში, სადაც შესაბამის უწყებებს უგზავნიან ყველას, ვინც 18 წლის ასაკს უკვე მიაღწია, სატვირთო ავტომანქანების მძღოლებს კი, პირდაპირ სამხედრო ნაწილებში აგზავნიან.
ანგარიშის მიხედვით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე, სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე 5 სარაკეტო და 12 საავიაციო თავდასხმა განახორციელეს, 83-ზე მეტი შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით და 4 - უპილოტო საფრენი აპარატებით. გენშტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, საავიაციო და სარაკეტო დარტყმების შედეგად, ინფრასტრუქტურა დაზიანებულია დონეცკის, ზაპოროჟიეს, ნიკოლაევის და ოდესის ოლქების 40-ზე მეტ დასახლებულ პუნქტში. უკრაინული სარდლობის ცნობით, სხვა მიმართულებებით მოწინააღმდეგე იყენებდა ტანკებს, ნაღმმტყორცნებს და არტილერიას.
21 სექტემბერს ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.
ნაწილობრივი მობილიზაცია გულისხმობს იმ სამხედრო მოსამსახურეების გაწვევას, ვისაც გარკვეული სამხედრო მომზადება უკვე გავლილი აქვთ. პუტინის თქმით, სამხედროებს რეზერვიდან გაიწვევენ, პირველ რიგში მათ, ვისაც გამოცდილება აქვს. პროცესი 21 სექტემბერს დაიწყო. მობილიზებულ სამხედროებს კონტრაქტორების სტატუსი და ხელფასი ექნებათ. როგორც რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ თქვა, მობილიზებული იქნება დაახლოებით 300 000 სამხედრო.
ნაწილობრივი მობილიზაციის სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება შეეძლებათ მხოლოდ მათ, ვინც მიაღწევს გაწვევის მაქსიმუმ ასაკს, შეექმნება ჯანმრთელობის პრობლემები ან თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიან.
პუტინის თქმით, მობილიზაცია უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმების უსაფრთხოდ ჩატარებას უკავშირდება და ითვალისწინებს თავდაცვის სამინისტროს რჩევას.
როგორ ამზადებდა უკრაინის კონტრიერიშამდე რუსეთი ოკუპირებული მიწების ანექსიის ნარატივს, წაიკითხეთ აქ – მითი ნოვოროსიაზე – კრემლის მზადება უკრაინის ტერიტორიების ანექსიისთვის.





