ირანი

ირანის პრეზიდენტი: პროტესტს მტკიცედ უნდა გავუმკლავდეთ

Vahid Salemi/AP

ირანის პრეზიდენტის, ებრაჰიმ რაისის თქმით, ქვეყანა მტკიცედ უნდა გაუმკლავდეს საპროტესტო გამოსვლებს, რომლებიც მორალის პოლიციის მიერ 22 წლის ქალის, მაჰსა ამინის დაკავებას, ცემასა და შემდგომ გარდაცვალებას მოჰყა.

"ირანი მტკიცედ უნდა გაუმკლავდეს მათ, ვინც ეწინააღმდეგება ქვეყნის უსაფრთხოებასა და სიმშვიდეს". – თქვა რაისიმ.

ქვეყნის პრეზიდენტმა საპროტესტო გამოსვლებს "აჯანყება" უწოდა და თქვა, რომ პროტესტისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამიჯვნა აუცილებელია.

ირანში ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციები გრძელდება. ირანში ერთკვირიანი დემონსტრაციების შედეგად 35 ადამიანი დაიღუპა, საპროტესტო აქციები ქვეყნის 31 პროვინციაში გაიმართა.

აშშ-მ ირანის მორალის პოლიციისა და უსაფრთხოების სამსახურის რამდენიმე მაღალჩინოსანს ირანელი ქალების მიმართ ძალადობისა  და მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევის გამო სანქციები დაუწესა.

საპროტესტო აქციები გაგრძელდა თეირანის ცენტრში, სადაც ათასობით ადამიანი უზენაესი ლიდერის, ალი ხომენეის წინააღდეგ შეიკრიბა. აქტივისტებმა დახიეს ხომეინის პოსტერები და ის უგუნურ ლიდერად მოიხსენიეს.

კომენტარები