რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინაში ირანული დრონებით იერიშების შემდეგ, უკრაინამ ირანის ელჩს აკრედიტაცია შეუჩერა

უკრაინაში ჩამოგდებული ირანული დრონის ნამტვრევი

რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდების გამო, უკრაინამ ირანის ელჩს აკრედიტაცია ჩამოართვა, მთელ საელჩოში კი თანამშრომელთა რაოდენობის შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. 

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინსიტროში გამოიძახეს ირანის ელჩი, რომელსაც შეატყობინეს, რომ რუსეთისთვის ირანული შეიარაღების მიწოდება ეწინააღმდეგება ირანის ხელისუფლების მიერ საჯაროდ დაფიქსირებულ ნეიტრალურ პოზიციას, ასევე უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხაზი გაუსვა, რომ რუსეთისთვის იარაღის მიწოდება "არამეგობრულ აქტს" წარმოადგენს.

ელჩისთვის აკრედიტაციის ჩამორთმევა ნიშნავს, რომ დიპლომატი ვეღარ შეძლებს საკუთარი მოვალეობის შესრულებას და უნდა დაბრუნდეს თეირანში.

აქამდე, მას შემდეგ, რაც უკრაინის ობიექტებზე ირანული ე.წ. კამიკაძე დრონებით იერიშები დადასტურდა, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საგარეო საქმეთა სამინისტროს რეაგირება დაავალა.

პირველი ცნობა, უკრაინის წარმომადგენლების მიერ, ირანული დრონის განადგურების შესახებ 13 სექტემბერს გავრცელდა, როდესაც მათმა ძალებმა კუპიანსკთან ირანული Shahed-136 ჩამოაგდეს.

ირანის მტკიცებით, Shahed-136-ს 2 500 კილომეტრის რადიუსზე ფრენა შეუძლია.

ირანის მიერ რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების გადაცემის შესახებ ცნობა ჯერ კიდევ აგვისტოში გავრცელდა, თუმცა თეირანი ამ ფაქტს უარყოფდა.

კომენტარები