აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმი

არძინბა: თბილისს ორმხრივი ძალის არ გამოყენების შეთანხმებაზე ხელმოწერისკენ მოვუწოდებთ

ინალ არძინბა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ თქმით, მარიონეტული რეჟიმი თბილისისგან ძალის არ გამოყენების შეთანხმებაზე ხელმოწერას ითხოვს.

არძინბა საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ თბილისი უპილოტო საფრენი აპარატების [დრონების] წარმოებას გეგმავს. არძინბას თქმით, მარიონეტული რეჟიმი ამ ნაბიჯს პირდაპირ საფრთხედ აღიქვამს.

"საქართველოს ჟენევის დისკუსიების პლატფორმაზე ორმხრივი ძალის არგამოყენების შეთანხმებაზე ხელმოწერისკენ მოვუწოდებთ. აფხაზეთი მშვიდობისმოყვარული ქვეყანაა, ჩვენ არ ვაპირებთ არავისზე თავდასხმას. მაგრამ ჩვენ ბოლომდე დავიცავთ საკუთარ სამშობლოს, ჩვენ ხალხს და ჩვენს მშობლიურ მიწას". - თქვა არძინბამ.

გარდა ამისა, არძინბამ რეგიონის მაცხოვრებლები "გააფრთხილა", რომ მსოფლიოში გლობალური ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს, რომელსაც თან ახლავს "ინფორმაციული და ეკონომიკური ზეწოლის ელემენტები და, "რა თქმა უნდა, სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია". მისი თქმით, 50-ზე მეტი ქვეყანა "უკრაინელი ბანდიტებისა და ნეო-ნაცისტების" მხარეს იბრძვის.

"ეს არის კოლექტიური დასავლეთის საომარი მანქანა. უცხოელი დაქირავებული მებრძოლთა დაჯგუფებებისა და NATO-ს სტანდარტებით გაწვრთნილი სამხედრო დანაყოფების. საქართველოსთან სამხედრო დაპირისპირების შემთხვევაში, ვერ გამოვრიცხავთ, რომ ეს ქვეყნები მხარს ჩვენს მტერს დაუჭერენ". - თქვა არძინბამ.

როგორც არძინბამ აღნიშნა, სწორედ ამის გამო, აუცილებელია ე.წ. აფხაზეთის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება და რუსეთთან ურთიერთობის შენარჩუნება, განვითარება და გაძლიერება.

კომენტარები