რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"არ გააკეთოთ ეს" – ბაიდენი პუტინის ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარაზე

Susan Walsh/AP

"არ გააკეთოთ ეს, ბირთვული იარაღის გამოყენება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად, სრულად შეცვლის ომის სახეს". - ასე პასუხობს აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ჟურნალისტს კითხვაზე, თუ რას ეტყოდა იგი პუტინს, თუკი რუსეთის პრეზიდენტი უკრაინის წინააღმდეგ ომში ქიმიური, ან ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებას შეეცდება

ბაიდენის თქმით, რუსეთის ნაბიჯები განსაზღვრავს იმას, თუ რა რეაქცია მოჰყვება მას აშშ-სგან. ასევე, ბაიდენის მტკიცებით, ბირთვული იარაღის გამოყენებით რუსეთს მსოფლიო იმაზე მეტად გარიყავს, ვიდრე ოდესმე. 

ვლადიმირ პუტინმა დღეს, 21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის ბრძანება გასცადა დასავლეთი გააფრთხილა, რომ "ბირთვული შანტაჟის" გაგრძელების შემთხვევაში, მოსკოვი მათ მთელი არსენალით უპასუხებს. 

"თუ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე დაემუქრება, ჩვენი ხალხის დასაცავად ყველა შესაძლო საშუალებას გამოვიყენებთ - ეს ბლეფი არ არის, რუსეთს თავდასხმაზე საპასუხოდ, დიდი რაოდენობით იარაღი აქვს". - თქვა პუტინმა. 

ასევე, პუტინმა NATO-ს ქვეყნების მაღალჩინოსნები რუსეთის წინააღმდეგ მასობრივი განადგურების, ბირთვული იარაღის გამოყენებასა და დასაშვებობაზე საუბარში დაადანაშაულა

"მათ, ვინც თავს უფლებას აძლევენ, ასეთი განცხადებები რუსეთის მიმართ გააკეთონ, მსურს შევახსენო, რომ ჩვენს ქვეყანას ასევე აქვს სხვადასხვა გამანადგურებელი საშუალებები, ზოგიერთ კომპონენტში კი – უფრო თანამედროვე, ვიდრე NATO-ს ქვეყნებს". - ამბობს პუტინი მიმართვაში. 

 

კომენტარები