რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა უკრაინისთვის სესხის სახით €5 მილიარდის გამოყოფას

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა უკრაინისთვის მიკრო-ფინანსური სესხის სახით €5 მილიარდის გამოყოფას. 

ეს ევროკავშირის €9-მილიარდიანი დახმარების პაკეტის მეორე ნაწილია, რომლის €1 მილიარდი ევროკავშირმა უკრაინას აგვისტოში გამოუყო.

"უკრაინის გარე დაფინანსების მოთხოვნილებები სწრაფად გაიზარდა რუსეთის თავდასხმის გამო. გზების, ხიდების, ქარხნების, სახლების, საავადმყოფოების და სხვა ფიზიკური ინფრასტრუქტურისთვის უზარმაზარი ზიანის გარდა, ქვეყანამ ასევე დაკარგა წვდომა საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებთან". – წერია ევროპარლამენტის განცხადებაში.

უკრაინის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ომის დაწყებიდან უკრაინამ საერთაშორისო პარტნიორებისგან $18 მილიარდის ოდენობის ფინანსური დახმარება მიიღო. სამინისტროს მიხედვით, მთავარი კონტრიბუტორები არიან აშშ, კანადა, გაერთიანებული სამეფო, იაპონია, საფრანგეთი და იტალია.

"რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან უკრაინის ფინანსთა სამინისტრო ომის შედეგებთან გასამკლავებლად აქტიურად მუშაობდა საერთაშორისო ფონდების შექმნაზე. ჯამში, 24 თებერვლიდან მოყოლებული შეგროვებული თანხა $18 მილიარდს შეადგენს". – წერია სამინისტროს განცხადებაში.

სამინისტროს მიხედვით, შემდგომ 18-36 თვეში საჭირო იქნება $105 მილიარდის შეგროვება, რათა უკრაინა გაუმკლავდეს ზამთრის სეზონს, შეაკეთოს ტრანსპორტი და დაძლიოს სოციალური გამოწვევები. 

"შეღავათიანი დაფინანსებისა და გრანტების მოზიდვით ჩვენ ვცდილობთ, უზრუნველვყოთ ყველა პრიორიტეტული ხარჯი. ეს უკანასკნელი ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რათა სესხის ოდენობა არ გაიზარდოს. უკრაინის ხელისუფლება დამოკიდებულია უცხოელი დონორების დახმარებაზე". – წერია განცხადებაში.

კომენტარები