ქართული ოცნება

კობახიძე: ყველაზე მდიდარი NGO-ების ხარჯები გაუმჭვირვალეა, რაც რისკებს ქმნის

ქართული ოცნება

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ქვეყანაში რამდენიმე ყველაზე დიდი არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსების წყაროები გაუმჭვირვალეა, რაც რისკებს ქმნის.

"არის რამდენიმე ყველაზე მდიდარი NGO, რომლებიც ფინანსდებიან სხვადასხვა წყაროდან და, რა თქმა უნდა, როდესაც ისინი გამოდიან პოლიტიკური მოთხოვნებით და აჩვენებენ პოლიტიკურ ამბიციას, მითუმეტეს მათ აქვთ მორალური ვალდებულება, რომ საზოგადოების წინაშე აჩვენონ გამჭვირვალობის მაღალი ხარისხი. თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ აბსოლუტურად გაუმჭვირვალეა მათი ხარჯები და ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას არავითარი ინფორმაცია არ აქვს, რაც რისკებს ქმნის. ჩვენი ქვეყანა არის პატარა სახელმწიფო, ბუნებრივია, მოწყვლადია სხვადასხვა ტიპის რისკის მიმართ, ასეთ დროს გამჭვირვალობას ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა.

არა მარტო პოლიტიკური პარტიები უნდა იყვნენ გამჭვირვალე ფინანსური თვალსაზრისით, არამედ იგივე ეხება NGO-ებსაც, განსაკუთრებით ყველაზე მდიდარ NGO-ებს, რომლებიც არიან პოლიტიკურ პროცესებში პირდაპირ ჩართული და გამოხატავენ პოლიტიკურ პრეფერენციებს. რატომ არის მათი საქმიანობა გაუმჭვირვალე ესეც, ბუნებრივია, კითხვებს აჩენს". – თქვა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის მტკიცებით, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციასთან პირდაპირ არიან დაკავშირებული "რადიკალური ოპოზიციის" წარმომადგენლები. მისივე თქმით, კანონით დღეს არასამთავრობოებს ვალდებულება არ აქვთ ხარჯების შესახებ ინფორმაცია გაავრცელონ და ამასთან დაკავშირებით არც რაიმე საკანონმდებლო ინიციატივა იგეგმება.

მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე კობახიძემ ასევე თქვა, რომ სამართლიანი არჩვენები (ISFED) და საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო პარლამენტში შექმნილ სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში ვერ ჩაერთვებიან, რადგან ისინი "პოლიტიკურ პარტიებად" ჩამოყალიბდნენ.

კომენტარები