რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ: კრემლი ადგენს უკრაინელების სიას, რომლებიც ძალაუფლების შესანარჩუნებლად უნდა დააკავოს

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, კრემლის ოფიციალური პირები რუსულ ძალებს უგზავნიან იმ უკრაინელების სიებს, რომლებიც უნდა დააკავონ და დაარეპორტონ. 

პრესსპიკერის მთავარმა მოადგილემ, ვედანტ პატელმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი იყენებს ინფრასტრუქტურასა და ტექნოლოგიას, რათა შეძლოს ასობით ათასი უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქის დაკავება, რასაც აშშ "ფილტრაციის ოპერაციას" უწოდებს. 

ფილტრაციის სისტემა არის "მასიური კამპანია, რომელიც კრემლმა იმ უკრაინელი მოქალაქეების დასაპატიმრებლად წამოიწყო, რომლებსაც მოსკოვი უკრაინაზე მათი კონტროლისთვის პოტენციურ საფრთხედ აღიქვამს", - თქვა პატელმა.

სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, მოსკოვს მიაჩნია, რომ ფილტრაციის ქსელი მოსკოვისთვის "გადამწყვეტია", რათა შეინარჩუნოს გავლენა ტერიტორიებზე, რომლებსაც აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინაში ამჟამად აკონტროლებს.

გასულ თვეს იელის უნივერსიტეტის მკვლევრებმა, სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით - გამოაქვეყნეს მოხსენება, სადაც დოკუმენტირებულია მინიმუმ 21 ობიექტი, რომლებიც აღმოსავლეთ უკრაინის დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში რუსეთის ფილტრაციის სისტემის ნაწილია და მართულია მოსკოვის  მხარდაჭერილი პრორუსული სეპარატისტების მიერ.

ფილტრაციის სისტემის ფარგლებში აღირიცხებიან უკრაინელი სამოქალაქო პირები და სამხედრო ტყვეები. მტკიცებულების მიხედვით, სისტემა რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე, 24 თებერვლამდე შეიქმნა. 

კომენტარები