რუსთავის საქალაქო სასამართლო

დადასტურდა, რომ მგზავრებს კარის გაღება შეეძლოთ, მსაჯულებმა დაუჯერეს ტაქსისტს – ადვოკატი

ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი, ბრალდებული ამირან ბოკუჩავა, ადვოკატი თეონა გვაზავა
Nini Simonia/Fb.com

ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი ტაქსისტის და რუსი ტურისტების საქმის შესახებ დამატებით განმარტებას აკეთებს. მისი ცნობით, რუსეთის მოქალაქე ს.პ და ლიეტუვის მოქალაქე დ.ჩ საქართველოში 2022 წლის 11 აპრილს ჩამოფრინდნენ. ადვოკატი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ორივე მათგანი "რუსულად მოლაპარაკე პირია და სასამართლოს წინაშე რუსულ ენაზე კითხავდნენ".

"მათი პოზიციის თანახმად, ტაქსის მძღოლმა ეროვნული, ეთნიკური ნიშნით თავისუფლება აღუკვეთა და ისინი იყვნენ შეშინებულები. ხოლო ტაქსის მძღოლის განმარტებით, მას ჩაუჯდა ორი რუსულად მოლაპარაკე ტურისტი, რომლებმაც მოსთხოვეს რუსულად საუბარი, ხოლო შემდეგ უკრაინული სიმღერის გამორთვა, ტაქსის მძღოლმა სასტუმროს ნაცვლად, ისინი გომბორის ხიდზე დატოვა.

ნაფიცმა მსაჯულებმა არ დაუჯერეს დაზარალებულებს, ვინაიდან ისინი ამბობდნენ, რომ ობექტურად არ შეეძლოთ ავტომობილის დატოვება, თუმცა, დადასტურდა, რომ უკანა კარის გაღება შესაძლებელია, მათ ჰქონდათ მობილური ტელეფონი და ყველა სხვა საშუალება. ასევე, დაზარალებულებმა, რუსეთში და ლიტვაში გამგზავრებამდე, მოითხოვეს დაკითხვა ადვოკატების გარეშე იმ მიზეზით, რომ ეშინოდათ დაცვის მხარის, თუმცა, მოწმეთა ჩვენებებით დადასტურდა, რომ ისინი ინციდენტის შემდეგ იმყოფებოდნენ სხვადასხვა კაფეში მარტო და არ იყვნენ შეშინებულები. შესაბამისად, ნაფიცმა მსაჯულებმა არ დაუჯერეს რუს და ლიეტუველ ტურისტს და დაუჯერეს ტაქსის მძღოლს. რეალურადაც ასე იყო. რუსული იმპერიალისტური აზროვნებით შეპყრობილი ადამიანები, ვერასდროს გაიმარჯვებენ" - წერს ადვოკატი.

საქართველოს პროკურატურის მტკიცებით კი, იანდექსის ტაქსის მძღოლმა ლიტვისა და რუსეთის მოქალაქეები თბილისის აეროპორტიდან მშრალ ხიდამდე მიიყვანა და სანაცვლოდ 23 ლარის ნაცვლად 195 ლარი მოსთხოვა. უწყების ვერსიითვე, მას შემდეგ, რაც მგზავრებმა მძღოლს საკითხის გადასაწყვეტად პოლიციაში მისვლა შესთავაზეს, ამირან ბოკუჩავამ მანქანის კარი ჩაკეტა და ტურისტები გარდაბნის რაიონის სოფელ ვაზიანის მიმართულებით წაიყვანა, გათავისუფლების სანაცვლოდ კი 500 ლარი მოსთხოვა. პროკურატურის ცნობითვე, მგზავრები "წამიერად გაჩერებული მანქანიდან" გადახტნენ, რის გამოც ერთ-ერთმა მათგანმა დაზიანება მიიღო. 

"გადმოხტომით მოძალადისგან თავის დაღწევის შემდეგ, დაზარალებულები ტელეფონით დაუკავშირდნენ და მომხდარის შესახებ შეატყობინეს ლიეტუვის მოქალაქის ნაცნობს, რომელიც თავის მხრივ დაუკავშირდა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ - 112-ს, რის შემდეგაც პოლიციის თანამშრომლები შემთხვევის ადგილზე დაზარალებულთა დასახმარებლად მივიდნენ" - აცხადებს პროკურატურა.

კომენტარები