ოკუპირებული აფხაზეთი

იჯარა 49 წლით, ნაკვეთები წელში 1 რუბლის საფასურად – რუსეთი ბიჭვინთის შეთანხმებას აქვეყნებს

ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე რუსეთის ე.წ. საელჩოს ვებგვერდზე ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის გადაცემის შეთანხმების ტექსტი გამოქვეყნდა. შეთანხმება დაიდო 2022 წლის 19 იანვარს.

დოკუმენტის მიხედვით, "ობიექტი", რომელიც რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში უნდა გადავიდეს, მოიცავს მოძრავ და უძრავ ქონებას, მიწის ნაკვეთებისა და ზღვის აკვატორიის ნაწილის გარდა. ეს "ობიექტ" რუსეთს შეთანხმების ამოქმედებიდან 6 თვეში უსასყიდლოდ გადაეცემა. 

ბიჭვინთის მიწის ნაკვეთებს რუსეთი იჯარის სახით მიიღებს და ყოველი მონაკვეთის სანაცვლოდ წელში 1 რუბლს გადაიხდის.

"მიწის ნაკვეთები, რომლებზეც მდებარეობს ობიექტი, და აკვატორიის მიმდებარე ნაწილი მოხმარებაში გადაეცემა რუსულ მხარეს იჯარის პირობით 49 წლის განმავლობაში, გადასახადის სახით 1 რუბლი წელში, ყოველი ნაკვეთისთვის".  – წერია ტექსტში.

აფხაზურ მხარესთან შეთანხმებით, რუსეთს იჯარით მიღებულ მიწის ნაკვეთებზე კაპიტალური მშენებლობის უფლება ექნება. ასევე ექნებათ შენობა-ნაგებობებისა და ობიექტების საკუთრების უფლებაც.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსული მხარე ობიექტს, მიწის ნაკვეთებსა და აკვატორიას გამოიყენებს სახელმწიფო ღნისძიებების ჩასატარებლად, რომლებშიც მონაწილეობას სახელმწიფო დაცვის ქვეშ მყოფი პირები მიიღებენ, ასევე ობიექტი გამოყენებული იქნება მათ დასასვენებლად.

მხარეების შეთანხმების მიხედვით, ხელშეკრულება 49 წლის ვადით იდება და გაგრძელდება 15 წლით, თუ ვადის გასვლის შემდეგ არც ერთი მხარე შეწყვეტას არ მოითხოვს. ამ შემთხვევაში, ხელშეკრულების შეწყვეტას არ მოჰყვება უძრავ და მოძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების შეწყვეტა.

ბოლო პერიოდია რაც ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობაში უკმაყოფილებაა რუსეთისთვის ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის გადაცემასთან დაკავშირებით. გაიმართა საპროტესტო აქციებიც. 

21 ივლისს ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. პარლამენტმა მიმართა ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლოს და გაუგზავნა თანხმობა, რუსეთის ფედერაციისთვის ბიჭვინთის ტერიტორიის ნაწილის გადაცემასთან დაკავშირებით.

2022 წლის 19 იანვარს მარიონეტულ აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის გაფორმდა ე.წ. შეთანხმება ბიჭვინთის ტერიტორიაზე მყოფი ობიექტების მოსკოვისთვის გადაცემაზე.

ხელშეკრულება რუსეთისთვის 186 ჰექტარი მიწისა და 115 ჰექტარი აკვატორიის რუსეთისთვის 49 წლით იჯარით გადაცემას ითვალისწინებს.

გასულ თვეებში ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტმა ლიდერმა, ასლან ბჟანიამ თქვა, რომ განიხილებოდა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების, მათ შორის ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემა.

ბჟანიამ ტერიტორიის გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობაც გამოთქვა. რუსეთის ფედერაციას ბიჭვინთის აგარაკის მიღება ჯერ კიდევ 1995 წელს სურდა, როდესაც ტერიტორიის გადმოფორმების ე.წ. შეთანხმება გააფორმეს.

კომენტარები