ავღანეთი

ავღანეთში ქალი თალიბანის ოფიციალური პირის გაუპატიურებაში დადანაშაულების შემდეგ დააკავეს

AP Photo/Mustafa Najafizada, File

თალიბანის ცნობით, დააკავეს და მალე გაასამართლებენ ქალს, რომელმაც გასულ კვირას გავრცელებულ ვიდეოში ერთ-ერთი მაღალჩინოსანი იძულებით ქორწინებასა და მრავალჯერ გაუპატიურებაში დაადანაშაულა. 

"ეს შეიძლება ჩემი ბოლო სიტყვები იყოს. ის მე მომკლავს, თუმცა სჯობს ერთხელ მოკვდე, ვიდრე ყოველ ჯერზე", - აღნიშნა ქალმა. 

გასულ კვირას გავრცელებულ ვიდეოში ქალი ტიროდა და აღწერდა, თუ როგორ სცემდა და აუპატიურებდა თალიბანის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი წარმომადგენელი, საიდ ხოსტი. ქალის თქმით, ვიდეოს ქაბულში მდებარე ბინიდან წერდა, სადაც თალიბებმა დააკავეს მას შემდეგ, რაც ის ქვეყნიდან გაქცევას ცდილობდა. ვიდეოში ქალმა მხოლოდ საკუთარი სახელი - ელაჰა თქვა. 

ვიდეოს გავრცელების შემდეგ, თალიბანის მიერ მართულმა უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ ელაჰა ცილისწამებისთვის დააკავეს მთავარი მოსამართლე აბდულ ჰაკიმ ჰაკანის ბრძანებით.

"არავის არ აქვს უფლება, ზიანი მიაყენოს მოჯაჰედერების სახელს ან შეურაცხყოს იგი", - აღნიშნა სასამართლომ.

2021 წლის აგვისტოდან, მას შემდეგ, რაც თალიბებმა ქვეყანა აიღეს, ავღანელი ქალი აქტივისტები, ისევე, როგორც Amnesty International, აღნიშნავს, რომ გაზრდილია ქალთა იძულებით ქორწინება, მათ შორის თალიბანის ოფიციალური პირები აიძულებდნენ ქალებს დაქორწინებას მათი ან მათი ოჯახის წევრების დაშინების გზით.

ვიდეოში ელაჰა ამბობს, რომ ქაბულის უნივერსიტეტში მედიცინას სწავლობს და ყოფილი ხელისუფლების დაზვერვის გენერლის ქალიშვილია. მისი თქმით, საიდ ხოსტიმ ექვსი თვის წინ აიძულა დაქორწინება, როდესაც ის ჯერ კიდევ სპიკერის პოსტს იკავებდა.

ქალის თქმით, მან გაქცევა სცადა მეზობელ სახელმწიფო პაკისტანში, მაგრამ თალიბებმა ის დააკავეს სასაზღვრო პუნქტზე და დააბრუნეს ქაბულში, იძულებით შეიყვანეს ბინაში. დაბრუნებისას ქალმა გაიგონა, რომ ჩაქოლვას უპირებდნენ. 

ხოსტიმ დაადასტურა, რომ ელაჰა მისი ცოლია, თუმცა გაუპატიურების ფაქტს უარყოფს. "მე არალეგალური არაფერი ჩამიდენია", - წერს Twitter-ზე. მან განმარტა, რომ ქალს მას შემდეგ დაშორდა, რაც აღმოაჩინა, რომ "სარწმუნოების პრობლემა აქვს" და დაადანაშაულა იგი ისლამის წმინდა წიგნის, ყურანის შეურაცხყოფაში.

ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ, თალიბებმა მზარდი შეზღუდვები დაუწესეს ქალებს. ბევრ მათგანს ხელი შეუშალეს მუშაობაში, აუკრძალეს თინეიჯერ გოგონებს სწავლა და ქალებს მხოლოდ თვალების გამოჩენის უფლება მისცეს. 

კომენტარები