კახა კალაძე

კალაძე მამულაშვილისა და TV PIRVELI-ს წინააღმდეგ დავას იწყებს და 100 000-ს ითხოვს

თბილისის მერი, კახა კალაძე ტელეკომპანია პირველისა და ჟურნალისტის, მაია მამულაშვილის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს და ზიანის 100 000 ლარით ანაზრაურებას ითხოვს.  

როგორც ტაბულას კალაძის ადვოკატმა, დიმიტრი გაბუნიამ უთხრა, დავას მაია მამულაშვილის მიერ ეთერში ნათქვამ სიტყვებზე იწყებენ, რომ კახა კალაძემ ტენდერებითა და კორუფციით 60 მილიონი "ჩაიდო ჯიბეში". 

"სარჩელი არის მოთხოვნილი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვაზე გავრცელებული ცნობების უარყოფა და მორალური ზიანის ანაზღაურება 100 000 ლარის ოდენობით. 

კონკრეტულად ეხება მაია მამულაშვილის მიერ ამა წლის 5 ივლისს თავის საავტორო გადაცემა დღის ამბებში მტკიცებით ფორმაში გავრცელებულ ცნობას, თითქოს კახა კალაძემ 60 მილიონი ჩაიდო ჯიბეში ტენდერებიდან და კორუფციული გზით. 

ჩვენ ველოდებით მეორე მხარისგან წერილობით შესაგებელს, პასუხს ჩვენს სარჩელზე. 3 დღის ვადაში უნდა წარმოადგინონ, უკვე 3 დღე დარჩათ. ველოდებით, თუ რამე ხელთ აქვთ მსგავსი დოკუმენტაცია, ასეთი ბუნებრივად არ არსებობს, მაგრამ მაინც. თუ ვერ წარმოადგენენ, პასუხი უნდა აგონ კანონის სრული სიმკაცრით". - ამბობს დიმიტრი გაბუნია ტაბულასთან ინტერვიუში.    

მაია მამულაშვილის შეფასებით, კახა კალაძის მიერ სასამართლოსთვის მიმართვის მიზანია, რომ მას და ტელეკომპანიას ფინანსური ზიანი მიადგეთ. მისივე სიტყვებით, 60 მილიონზე ნათქვამი წინადადება მაყურებლისთვის მის მიერ არ ყოფილა მიწოდებული, როგორც ფაქტი და ის საჯარო სივრცეში, მათ შორის, ოპოზიციონერების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს ეყრდნობოდა. 

"ზოგადად, როდესაც მედიასაშუალებებზეა ლაპარაკი, არსებობს შიდა რეგულირების ორგანო, არსებობს ეთიკის ქარტია. შესაბამისად, ნებისმიერმა პირმა, რომელსაც შესაძლებელია ჰქონდეს კითხვები, მოსაზრებები და პრეტენზია იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რაც მედიასაშუალებით გადის, უნდა მიმართოს, პირველ რიგში, უნდა მიმართოს შიდა რეგულირების ორგანოს, ეთიკის ქარტიას, რაც არ გაუკეთებია კახა კალაძეს. პირდაპირ მიმართა სასამართლოს, დაიწყო სამართლებრივი დავა, პირდაპირ მოითხოვა ტელევიზიის ფინანსური სანქცირება და 100 000. ზოგადად, სერიოზულ ეჭვს აჩენს, რომ ერთადერთი მიზანი აქვს - ტელეკომპანია პირველსა და მე, როგორც მის ჟურნალისტს, მოგვადგეს ფინანსური ზიანი.  

[60 მილიონზე] ოპოზიცია 1 წელი ლაპარაკობდა, ეს ჩემ მიერ არ ყოფილა მიწოდებული, როგორც ფაქტი. ეს საინფორმაციო გამოშვება არ იყო, რომ როგორც ფაქტი, ისე მიმეწოდებინა, ედიტორიალში არ იყო, რაც ასევე ხაზგასასმელია. ეს იყო მსჯელობის დროს ნათქვამი წინადადება, რომელიც ეყრდნობოდა საჯარო სივრცეში გამოთქმულ მოსაზრებებს, რაც იყო ოპოზიციის მხრიდან, პოლიტიკოსების მხრიდან". - ამბობს მამულაშვილი.

კომენტარები