რუსეთის ჯაშუშები

Die Zeit: გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს ორი მაღალჩინოსანი რუსეთის ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი

გერმანიის ეკონომიკის ფედერალური სამინისტრო
Der Spiegel

გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს ორი მაღალჩინოსანი რუსეთის ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი. ინფორმაციას გამოცემა Die Zeit ავრცელებს.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, მათ წინააღმდეგ გამოძიებას კონსტიტუციის დაცვის ფედერალური სამსახური (BfV) აწარმოებს. ეჭვმიტანილი პირები გერმანიის მთავრობის ენერგეტიკული პოლიტიკის ფორმირებაზე პასუხისმგებელი დეპარტამენტის სტრუქტურაში მაღალ თანამდებობას იკავებენ.

გამოცემის ცნობით, სამინისტროს ორ თანამშრომელზე ეჭვის მიტანის საფუძველი გაზისა და ენერგეტიკის პოლიტიკის დოკუმენტების პროექტების შედგენისას დაფიქსირებული მკაფიო პრორუსული პოზიციები გახდა.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, გამოძიების მიმდინარეობის დროს BfV-მ შეისწავლა ორივე ეჭვმიტანილის ბიოგრაფია და მოგზაურობის ისტორია, იყვნენ თუ არა მივლინებებში, აქვთ თუ არა დაგეგმილი მარშრუტიდან საეჭვო გადახვევები, ასევე, მათი პირადი ურთიერთობები და მეგობრული კონტაქტები რუსეთის მოქალაქეებთან.

Die Zeit-ის ცნობით, ჯაშუშობის მტკიცებულებები ჯერჯერობით ნაპოვნი არ არის, თუმცა, დადგინდა თანამდებობის პირების "ბიოგრაფიული ანომალიები და რუსეთთან ემოციური სიახლოვე".

კომენტარები