ივანიშვილის დეპუტატები

გავრილოვის ღამეს ხალხს დამიზნებით ელჩის ფავორიტი გახარია ესროდა – ივანიშვილის დეპუტატები

ბიძინა ივანიშვილის დეპუტატები მორიგ განცხადებას ავრცელებენ. მიხეილ ყაველაშვილი, სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე და გურამ მაჭარაშვილი ელჩს ტერმინის "გავრილოვის ღამის" გამოყენებისთვის აკრიტიკებენ. მათი თქმით, 20 ივნისს სწორედ ელჩის ერთი ფავორიტი, ნიკა მელია პარლამენტში იჭრებოდა, ხოლო მეორე ფავორიტი, გიორგი გახარია ხალხს დამიზნებით ესროდა. 

"ქალბატონი ელჩის ბოლო ორი კომენტარით კიდევ ერთხელ ცხადი გახდა, სინამდვილეში ვინ დგას რადიკალური ოპოზიციის რადიკალური დღის წესრიგის უკან. როგორც ცნობილია, რადიკალური ოპოზიციის მეშვეობით თავს მოხვეული პოლარიზაცია ორ ძირითად ხელოვნურ საყრდენზე დგას: ეს არის საქართველოს მოქმედი ხელისუფლების საშინაო და საგარეო ლეგიტიმაციის არაღიარება. ამ საყრდენების გასამაგრებლად, "ნაციონალური მოძრაობა", საბჭოური პროპაგანდის "საუკეთესო" ტრადიციების მიხედვით, კონკრეტულ კლიშეებს იყენებს. ამ კლიშეებს შორის განსაკუთრებული ადგილი "გავრილოვის ღამეს" და "არასამართლიან არჩევნებს" უკავია. ბოლო რამდენიმე დღეა, ქალბატონი დეგნანი სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" მეშვეობით შემოგდებული ამ მესიჯებით გველაპარაკება, რაც იმის მკაფიო დასტურია, რომ ეს მესიჯები, ისევე, როგორც პოლარიზაციის პრობლემა სწორედ საელჩოს მიერ არის მოფიქრებული.

ე.წ. გავრილოვის ღამეზე ბევრს არ ვიტყვით, მხოლოდ იმას გავიხსენებთ, რომ იმ ღამით ერთი მხრიდან პარლამენტში საელჩოს ერთი ფავორიტი, ნიკანორ მელია იჭრებოდა, ხოლო მეორე მხრიდან ადამიანებს დამიზნებით საელჩოს კიდევ ერთი ფავორიტი, გიორგი გახარია ესროდა. შესაბამისად, ელჩის ადგილზე, ე.წ. გავრილოვის ღამეზე ძალიან ცოტას ვილაპარაკებდით. როგორც ცნობილია, სიბრძნის ლაპარაკი ვერცხლია, დუმილი კი – ოქრო. როდესაც ვერცხლი შენგან ასე შორსაა, ხოლო ოქრო წინ გიდევს და არაფერში იყენებ, ეს, რბილად რომ ვთქვათ, დანაშაულია იმ სახელმწიფოს წინაშე, რომელსაც პარტნიორ ქვეყანაში ღირსეულად უნდა წარმოადგენდე". – წერენ ივანიშვილის დეპუტატები. 

საქართველოში აშშ-ს ელჩმა, კელი დეგნანმა თქვა, რომ ქვეყანაში პოლარიზაციის სათავე, მათ შორის, გავრილოვის ღამე, შეუსრულებელი დაპირებები და არადემოკრატიული ქმედებებია.

"მნიშვნელოვანია, რომ ქართველებმა 3-4 წლით უკან გაიხედოთ და გვახსოვდეს, საიდან მოდის ეს ღრმა პოლარიზაცია. ისეთი მოვლენები, როგორიცაა გავრილოვის ღამე, შეუსრულებელი დაპირებები, არადემოკრატიული ქმედებები, აქედან მოდის ღრმა პოლარიზაცია და არა დასავლეთის პარტნიორებისგან, რომლებიც პოლარიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს დახმარებას ცდილობდნენ, რათა პარლამენტი და სხვა ინსტიტუციები უფრო მნიშვნელოვან თემებზე ფოკუსირდეს. მათ შორის, სამუშაო ადგილებზე, მაღალ ფასებსა და კარგ განათლებაზე". – თქვა დეგნანმა. 

კომენტარები