კომუნიკაციების კომისია

კომისია გათიშულ საიტებზე: ინტერნეტში მოპარული კონტენტის გავრცელება კანონით აკრძალულია

Adjaranet.com

კომუნიკაციების კომისია არალეგალური კონტენტის მქონე საიტების გათიშვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ინტერნეტში მოპარული კონტენტის გავრცელება კანონითა აკრძალული. კომისიის განცხადებით, ვებგვერდებს, რომლებიც პირატულ აუდიო-ვიზუალურ პროდუქციას ავრცელებენ, თითქმის ორწლიანი ვადა მისცეს, რომ საკუთარ პლატფორმებზე განთავსებული კონტენტი კანონთან შესაბამისობაში მოეყვანათ და ლეგალურად განეთავსებინათ.

კომისიის განცხადებით, ვებგვერდებთან დაკავშირებით, რომლებმაც კომისიის მოთხოვნის მიუხედავად არ ამოიღეს საკუთარი პლატფორმიდან არალეგალური კონტენტი, კომისიამ უკვე მიმართა ინტერნეტ სერვისის მიმწოდებელ კომპანიებს, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ვალდებულნი არიან, მოახდინონ რეაგირება და მიიღონ შესაბამისი ზომები მისი აღმოფხვრის მიზნით.

"მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების ინტერესების დაცვის მიზნით, კომუნიკაციების კომისიამ ინტერნეტ სივრცის არალეგალური კონტენტისგან გათავისუფლების პროცესში კომპანიებს მაქსიმალური ვადა მისცა, რათა თავისი საქმიანობა კანონთან შესაბამისობაში მოეყვანათ. საავტორო უფლებების დარღვევით, ინტერნეტ სივრცეში აუდიო-ვიზუალური კონტენტის განთავსება, სერიოზულ ფინანსურ ზიანს აყენებს კომპანიებს, რომლებსაც სწორედ ის კონტენტი აქვთ ნაყიდი და მომხმარებელს ლეგალურად სთავაზობენ, რომელსაც სხვადასხვა ვებგვერდი არალეგალურად ავრცელებს და შესაბამისად, უფლებების კანონიერ მფლობელებს ზიანს აყენებს. ამასთანავე, აღნიშნული ზიანს აყენებს ქვეყნის იმიჯს და რეპუტაციას". – ნათქვამია კომისიის განცხადებაში.

კომისია აღნიშნავს, რომ მათი მთავარი ამოცანა ინტერნეტ სივრცის არალეგალური და პირატული კონტენტისგან ისე გათავისუფლებაა, რომ მომხმარებლის ინტერესი არ დაზიანდეს.

22 აგვისტოს არალეგალური კონტენტის განთავსების მიზეზით ფილმებისა და სერიალების ორი უმსხვილესი საიტი, Adjaranet-ი და Imovies-ი გაითიშა.

კომენტარები