სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე დაკავებულ ოფიცერს პატიმრობა შეეფარდა

IPN

სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტის ოფიცერს თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. ვ.გ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მეორე ნაწილით (სამსახურებრივ გულგრილობას, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 20 აგვისტოს თბილისში, შპს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის მე-3 სართულზე მდებარე დერეფანში, რომლის მიმდებარე პალატებშიც ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმრები იყვნენ განთავსებული, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტის ოფიცერი ვ.გ. წინდახედულობის ნორმის დაუცველად გადაადგილდებოდა სამსახურებრივი – საშტატო იარაღით. გარდა აღნიშნულისა, მან იქვე დერეფანში მყოფ პატიმარს არ მიუთითა, შესულიყო მისი განთავსების პალატაში და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების ნებართვით დაეტოვებინა აღნიშნული სივრცე.

უწყების ცნობით, დაკავებულ ოფიცერს პატიმარი მიეპარა და იარაღი ამოაცალა, რომლითაც სამჯერ გაისროლა, მათ შორის, ერთ-ერთი გასროლით თავის არეში მიიყენა ჭრილობა და კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდა.

კომენტარები