რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

რუსეთი Nord Stream-ის მეშვეობით ევროპისთვის გაზის მიწოდებას აგვისტოს ბოლოს 3 დღით შეწყვეტს

აგვისტოს ბოლოს მილსადენზე სარემონტო სამუშაოების გამო რუსეთი ევროპისთვის გაზის მიწოდებას სამი დღით შეწყვეტს

რუსული კომპანია Gazprom-ის გავრცელებული ინფორმაციით, გაზის მიწოდება 31 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით შეჩერდება და ამის მიზეზი პორტოვაიას საკომპრესორო სადგურზე ერთადერთი მომუშავე ტურბინის "რუტინული ტექნიკური სამუშაოებია".

"სამუშაოების დასრულებისა და ბლოკის ტექნიკური გამართულობის შემდეგ, გაზის მიწოდება აღდგება დღეში 33 მილიონი კუბური მეტრის დონემდე". - წერია განცხადებაში.

25 ივლისს,  რუსეთის უმსხვილესმა გაზმიმწოდებელმა, გაზპრომმა მილსადენ ჩრდილოეთის ნაკად 1-ზე Siemens-ის კიდევ ერთი ტურბინის მუშაობა შეაჩერა. როგორც რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია წერს, შედეგად, ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება ამჟამინდელ რაოდენობასთან შედარებით განახევრდება.

გაზპრომი პორტოვაიას საკომპრესორო სადგურზე გაზის ტურბინის შეჩერების მიზეზად შესაბამისი მარეგულირებლის, "როსტეხნადზორის" მითითებებსა და დანადგარის ტექნიკურ მდგომარეობას ასახელებს.

"კაპიტალურ რემონტამდე რემონტებს შორის მუშაობის ვადის დასრულებასთან დაკავშირებით ("როსტეხნადზორის" ინსტრუქციის შესაბამისად და ძრავის ტექნიკური მდგომარეობის გათვალისწინებით) გაზპრომი პორტოვაიას საკომპრესორო სადგურზე Siemens-ის კიდევ ერთი გაზის ტურბინის ექსპლუატაციას აჩერებს". – წერია ბუნებრივი აირის მიმწოდებლის განცხადებაში.

ასევე, აღნიშნულია, რომ ბუნებრივი აირის მიწოდება დღეში 33 მილიონ კუბურ მეტრამდე შემცირდება. ეს რაოდენობა ჩვეულებრივი დინების დაახლოებით მხოლოდ 20% არის. აქამდე გაზპრომს ევროპისთვის გაზმომარაგება უკვე 40%-ით ჰქონდა შემცირებული.

გასულ დღეებში რუსეთი კანადისგან შესაკეთებლად გადაცემულ Siemens-ის ტურბინას ელოდა. აქამდე, რუსეთმა 14 ივნისს ჩრდილოეთის ნაკადი 1-ით ბუნებრივი აირის მიწოდება 40%-ით შეამცირა და მიზეზად დაასახელა ის, რომ კანადამ გასარემონტებლად გადაცემული დანადგარი არ დააბრუნა.

17 ივლისს კანადამ სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, უკრაინის წინააღმდეგობის მიუხედავად, გერმანიაში თვითმფრინავით გაზსადენ ჩრდილოეთის ნაკადის ტურბინა გაგზავნა, საიდანაც დანადგარი რუსეთში უნდა გაიგზავნოს. ტურბინის მოსკოვისთვის დაბრუნების გადაწყვეტილების შემდეგ, დანადგარის გამართულობასთან დაკავშირებით კითხვები დასვა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა.

ტურბინებთან დაკავშირებით პუტინმა მუქარა გასულ კვირაში გააჟღერა, როდესაც ხაზი გაუსვა, რომ ამჟამად ჩრდილოეთის ნაკად 1-ზე მუშაობდა მხოლოდ 2 ტურბინა, რომლებიც დღეში 60 მილიონ კუბურ მეტრ გაზს ტუმბავენ.

"თუ კიდევ ერთი [ტურბინა] ჩამოვა – კარგი, იმუშავებს ორი. თუკი არ ჩამოვა, იქნება ერთი – ეს იქნება დღეში მხოლოდ 30 მილიონი კუბური მეტრი". – ამბობდა პუტინი 20 ივლისს.

ამას გარდა, 11 ივლისს, ყოველწლიური გეგმური სამუშაოების მიზეზით, ჩრდილოეთის ნაკადი 1-ით ევროპისთვის გაზის მიწოდება 10 დღით შეწყდა. არსებობდა შიში, რომ რუსეთი ბუნებრივი აირის დენას არ აღადგენდა, თუმცა მიწოდება 21 ივლისს აღდგა.

ჩრდილოეთის ნაკადი 1, რომელიც ბალტიის ზღვაზე გადის, ყოველწლიურად რუსეთიდან გერმანიაში 55 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს გზავნის. ამ გაზსადენზე ევროკავშირის მრავალი ქვეყანაა დამოკიდებული. 

კომენტარები