საქართველო-ევროკავშირი

EU-ს წარმომადგენლობა: ყველა შესაბამის NGO-ს შესაძლებლობა მიეცეს მონაწილეობა მიიღოს პროცესში

Tai Dundua / Shutterstock

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა სამართლიანი არჩევნების [ISFED-ის] განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ყველა შესაბამის არასამთავრო ორგანიზაციას საშუალება უნდა მიეცეს, მონაწილეობა მიიღოს სამუშაო ჯგუფებში, რომლებიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად ევროკავშირის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესასრულებლად არის შექმნილი. 

"მოვუწოდებთ საქართველოს ყველა დაინტერესებულ მხარეს, უზრუნველყოს, რომ ყველა შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაცია მოწვეული იყოს და მიეცეს შესაძლებლობა არსებითი მონაწილეობა მიიღოს ყველა სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში, საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის ჩათვლით. #10 პრიორიტეტი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში ჩართულობასთან დაკავშირებით განსაკუთრებით შეესაბამება პარლამენტში მიმდინარე მუშაობას". - ვკითხულობთ განცხადებაში. 

მანამდე, ISFED- მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქართულმა ოცნებამ საარჩევნო საკითხებზე საპარლამენტო სამუშაო ჯგუფში მათი ჩართვა დაბლოკა.

ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭების შემდეგ ქართულმა ოცნებამ წარადგინა გეგმა, თუ როგორ აპირებს EU-ს მიერ შექმნილი 12 პუნქტის შესრულებას. მმართველი პარტიის ინიციატივით საქართველოს პარლამენტში შეიქმნა ჯგუფები, რომლებშიც პუნქტების შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმუშავებენ.  

კომენტარები