ისრაელი

ისრაელმა 5-8 აგვისტოს ღაზის შეტაკებების დროს მესამე ქვეყანაზე იერიში აღიარა

ავივ კოჰავი

ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაურმა, ავივ კოჰავიმ აღიარა, რომ, ღაზის სექტორში მოქმედი ისლამური ჯიჰადის წინააღმდეგ 5-8 აგვისტოს ოპერაცია განთიადის დროს, იერიში მესამე ქვეყანაზეც მიიტანეს.

ოპერაცია განთიადის ფარგლებში ისრაელის თავდაცვის ძალებმა იერიში მიიტანეს ისლამური ჯიჰადის ლიდერზე, თაისირ ჯაბარიზე. ის თავდასხმას ემსხვერპლა.

"ათი დღის წინ ისრაელის თავდაცვის ძალებმა მაღალი სიზუსტით დაარტყეს თაისირ ჯაბარის, უმთავრეს ტერორისტს. ამავდროულად ჩატარდა დაკავებების რამდენიმე ტალღა [დასავლეთ სანაპიროზე] და ასევე იერიში მივიტანეთ მესამე ქვეყანაზე და დავიცავით ქვეყნის დანარჩენი საზღვრებიც". – თქვა კოჰავიმ. 

კოჰავის არ დაუზუსტებია, თუ რომელი სახელმწიფო იგულისხმა "მესამე ქვეყანაში". 

არაბული მედიის ცნობებით, 7 აგვისტოს იემენში, ირანის მხარდაჭერილი ჰუსიტების დაჯგუფების ბანაკში აფეთქების შედეგად, მინიმუმ, ექვსი ირანელი და ლიბანელი მრჩეველი მოკვდა. ცნობები აფეთქებას ჰუსიტების ბალისტიკური რაკეტის აფეთქებას მიაწერდნენ.

საუდის არაბეთი მედიების, ალ არაბიასა და ალ-ჰადათის ცნობით, შემთხვევას ათობით ჰუსიტი მებრძოლის სიცოცხლეც ემსხვერპლა და გამოიწვია მეორე აფეთქებაც ახლოს მდებარე ქარხანასა და იარაღის საცავში, იემენის დედაქალაქ სანას მიმდებარედ.

ცნობებში არ ჩანდა დაღუპული ლიბანელები იყვნენ თუ არა კავშირში ლიბანში მოქმედ ჰეზბოლასთან, რომელიც ასევე ირანის მიერაა მხარდაჭერილი.

გასულ წელს ისრაელის თავდაცვის ძალებმა საჰაერო თავდაცვის სისტემები ქვეყნის სამხრეთში მდებარე ქალაქ ეილათშიც განათავსეს, ჰუსიტების მხრიდან თავდასხმის შიშის ფონზე. მიუხედავად იმისა, რომ იემენი ისრაელისგან შორს მდებარეობს, ჰუსიტებს, სავარაუდოდ, აქვთ რაკეტები და დრონები, რომლითაც შეუძლიათ ისრაელსაც მისწვდნენ.

იემენში სამოქალაქო ომი 2014 წელს დაიწყო. ჰუსიტებმა დედაქალი სანა დაიკავეს. საუდის არაბეთის მიერ გაძღოლილი კოალიცია რამდენიმე თვის შემდეგ ომში ჩაერთო, რათა საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობის კონტროლი აღედგინათ. ბოლო წლებში კონფლიქტი რეგიონულ მარიონეტულ ომში გადაიზარდა. ომს 100 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა და შექმნა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰუმანიტარული კრიზისი. 2022 წლის აპრილში მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გაფორმდა.

ისრაელს საზღვრებიდან შორს იერიშები აქამდეც მიუტანია. მათ შორის რამდენიმე საჰაერო თავდასხმა განახორციელეს სუდანში, რამდენიმე წლის წინ. სამიზნე ირანის მიერ ჰამასისთვის მიწოდებული ტვირთი იყო.

ამას გარდა, ისრაელს ასობით იერიში აქვს მიტანილი მეზობელ სირიაშიც, თუმცა 5-8 აგვისტოს დაპირისპირების დროს ცნობები სირიაში ისრაელის თავდასხმის შესახებ არ გავრცელებულა. ბოლო მსგავსი იერიში ოპერაცია განთიადიდან რამდენიმე დღის შემდეგ, 12 აგვისტოს მოხდა.

5 აგვისტოს გასული წლის 11-დღიანი ომის შემდეგ, ღაზას სექტორსა და ისრაელს შორის ყველაზე მძიმე შეტაკება დაიწყო. ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ისლამური ჯიჰადის საფრთხის გამო ღაზას სექტორის დაბომბვას იწყებდნენ.  

კომენტარები