თავისუფლების ინსტიტუტი

თავისუფლების ინსტიტუტი: ისნის გამგეობის ტენდერში ოცნებასთან დაახლოებულმა პირმა გაიმარჯვა

დღეს, 12:30-ზე ისნის გამგეობასთან თავისუფლების ინსტიტუტმა ბრიფინგი გამართა, სადაც ორგანიზაციის დირექტორმა, სალომე ხვადაგიანმა თქვა, რომ ისნის გამგეობის გამოცხადებულ ტენდერში, რომელშიც თავისუფლების ინსტიტუტიც მონაწილეობდა, ქართულ ოცნებასთან დაკავშირებულმა პირმა გაიმარჯვა. თავისუფლების ინსტიტუტის ინფორმაციით, "წარდგენილი დოკუმენტაცია და ბიუჯეტი არ აკმაყოფილებს გონივრულობის სტანდარტსა და ატარებს შესაძლო კორუფციის ნიშნებს”.

“თბილისში, ისნის რაიონის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის კინოჩვენების ორგანიზებასთან დაკავშირებით ისნის რაიონის გამგეობამ 7 120 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში თავისუფლების ინსტიტუტიც იღებდა მონაწილეობას, ჩვენ გვსურდა გვეჩვენებინა აფხაზეთში რუსეთის დანაშაულებზე შემეცნებითი ფილმის სასკოლო ვერსია. თუმცა, გაიმარჯვა შ.პ.ს სპორტ ჰაუსმა, რომლის კავშირები ქართული ოცნების დეპუტატებთან, ასევე ისნის გამგეობის წევრებსა და ისნის გამგებელთან კორუფციის ეჭვს აჩენს“. - აღნიშნავს ხვადაგიანი.

ევროპული საქართველოს წევრის, ბესო დონაძის თქმით, აპირებენ, საქმეზე დავა გააგრძელონ და ითხოვენ, ტენდერი გაუქმდეს, გამარჯვება კი სხვა კომპანიას მიენიჭოს. 

“ციფრები არის მოცემული, რომ, მაგალითად, დარბაზი, რომელიც 2 დღის განმავლობაში უნდა იქირაონ და დღეში გადაიხადონ 100 ლარი, უწერიათ, რომ ღირს 300 ლარი. მსგავსი ციფრების მანიპულაციიყ შეძლო ისნის გამგეობამ, ისნის გამგებელმა და სატენდერო კომისიამ, რომ გამარჯვება მიენიჭებინათ იმ კომპანიისთვის, რომელიც არის მათთან დაახლოვებული.

[…] ამ ადამიანებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ამ კომპანიას გაემარჯვა ტენდერში. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაპირებთ, რომ გავაგრძელოთ დავა ამ საქმესთან დაკავშირებით და მივმართავთ სხვა ყველა ზემდგომ ორგანიზაციას, რომ აღნიშნული ტენდერი გაუქმდეს, გამარჯვება კი სხვა კომპანიას მიენიჭოს”. - ამბობს ის. 

თავისუფლების ინსტიტუტის ცნობით, ტენდერში გამარჯვებული კომპანიის, შ.პ.ს სპორტ ჰაუსი-ის მფლობელისა და დირექტორის, ნინო მჭედლიშვილის მეუღლე, ლაშა არჩვაძე მერიის მოქმედი თამაშრომელია. გარდა ამისა, იგი ქართული ოცნების გლდანის რაიონული ორგანიზაციის, ახალგაზრდულის ყოფილი თავმჯდომარე და ქართული ოცნების მაღალჩინოსნებთან, კერძოდ კახი კალაძესთან, ირაკლი კობახიძესა და დიტო სამხარაძესთან დაახლოებული პირია. 

შ.პ.ს სპორტ ჰაუსის დამფუძნებლისა და დირექტორის მეუღლე, ლაშა არჩვაძე ქართული ოცნების დეპუტატებთან​​​​

როგორც ირკვევა, უშუალო კავშირია ტენდერის გამარჯვებულის ოჯახსა და ტენდერის გამომცხადებელს, გამგეობის თანამშრომელ გია ბულაშვილს შორის. ბატონი არჩვაძე ასევე დაახლოებულია ისნის რაიონის გამგებელ ნიკა ელისაშვილთან, გამგეობის თანამშრომლებთან და ისნის მაჟორიტარსა და საკრებულოს წევრ კახა ლაბუჩიძესთანაც.

გარდა იმისა, რომ ტენდერში გამარჯვებული პირი მმართველ პარტიასთანაა კავშირში, კომპანია სპორტ ჰაუსის მიერ წარდგენილი ხარჯთაღრიცხვა სერიოზულ უზუსტობებს შეიცავს, რაც კიდევ უფრო მეტად ამყარებს დაშვებას, რომ მთელი ეს პროცესი შესაძლო კორუფციის ნიშნებს ატარებს. 

ისნის რაიონის გამგეობის მიერ გამოცხადებულ ტენდერის პირობებში ვკითხულობთ, რომ გამარჯვებულმა კომპანიამ 2 დღის განმავლობაში უნდა შეიძინოს და დაიქირაოს საჭირო საქონელი, პერსონალი და ინვენტარი, მათ შორის სივრცე, სადაც უნდა დაეტიოს არანაკლებ 70-75 ადამიანისა და აღჭურვილ იქნას კინოჩვენებისთვის საჭირო ტექნიკით.

გამარჯვებული კომპანიის მიერ მომსახურეობის შეთავაზებული ფასი დ.ღ.გ-ს გარეშე 4 441 ლარს შეადგენს. ვინაიდან აღნიშნული თანხა გამოცხადებული ტენდერის ღირებულებაზე 20%-ით ნაკლებია, კომპანიამ წარადგინა აუდიტის დასკვნა, რომელშიც წერია, რომ შ.პ.ს სპორტ ჰაუსის მიერ შედგენილი ხარჯთაღრიცხვა აბსოლუტურად გამართულია და მას ტენდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება სრულად და შეუფერხებლად შეუძლია. 

მაგალითად, კომპანია ამტკიცებს, რომ ფილმის ჩვენებისა და დისკუსიისთვის საჭირო დარბაზის ინვენტარით დაქირავებას, სადაც განსაზღვრული რაოდენობის ადამიანი დაეტევა, 100 ლარად შეძლებს. თუმცა, ორ დღეზე გათვლისას და ღირებულების დაჯამებისას ვხვდებით ტექნიკურ შეცდომას, სადაც ჯამური ოდენობა არა 200, არამედ 300 ლარია. მსგავსი ტიპის ხარვეზია ფოტოგრაფთან მიმართებითაც, რომლის დღიური ანაზღაურება 100 ლარია, თუმცა, ორგანიზაციის მიხედვით, მისი ორი დღით დაქირავებაც იგივე ფასადაა შესაძლებელი. 

გარდა არასწორად დაჯამებული გამოთვლებისა, კომპანიის მიერ ტენდერით გათვალისწინებული საქონლის შეძენისა და დამზადების ღირებულებები ზოგად ფასების ბაზართან თანხვედრაში არ მოდის. მაგალითად, 300 ერთჯერადი მოხმარების თეფშისთვის, რომლის ფასიც, ჩვეულებრივ პირობებში, 10 ლარამდე მერყეობს, კომპანია 300 ლარს გამოყოფს. ასევე, ხარჯთაღრიცხვიდან ვიგებთ, რომ ტენდერში გამარჯვებული პირი საწერი კალმის შეძენასა და ბრენდირებული ბლოკნოტის დამზადებას ერთსა და იმავე თანხაში შეძლებს. 

კომენტარები