თურქეთი-სირია

ჩრდილოეთ სირიაში თურქეთის საჰაერო თავდასხმას, სულ მცირე, 11 ადამიანი ემსხვერპლა

16 აგვისტოს თურქეთმა ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო ბაზებზე საჰაერო თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 11 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, სირიის სამთავრობო ჯარისკაცებიც.

თავდასხმა ქალაქ კობანის დასავლეთით, აშშ-ს მიერ მხარდაჭერილ ქურთ მებრძოლებსა და თურქეთის მხარდაჭერილ ოპოზიციურ შეიარაღებულ პირებს შორის მოხდა.

სირიის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, თურქეთის საჰაერო თავდასხმას 3 ჯარისკაცი ემსხვერპლა და 6 დაიჭრა. ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სირიის ჯარებმა თურქეთის არმიის პოზიციებზე საპასუხო იერიში მიიტანეს.

16 აგვისტოს თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 13 ეჭვმიტანილი ქურთი ბოევიკი მოკლეს მას შემდეგ, რაც თურქულმა არტილერიამ საპასუხო იერიში მიიტანა თურქეთის სასაზღვრო პუნქტზე, ქალაქ ბირეჯიკთან, სასაზღვრო პროვინცია შანლიურფაში. 

24 მაისს, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ჩრდილოეთ სირიაში ახალი სამხედრო ოპერაციის ჩატარება დააანონსა

ოპერაციის მთავარი მიზანი თურქეთის საზღვრის გასწვრივ, სირიის ტერიტორიაზე 30-კილომეტრიანი უსაფრთხო ზონის შექმნა იქნება.

"ჩვენ მალე გადავდგამთ ახალ ნაბიჯებს ჩვენი სამხრეთ საზღვრების გასწვრივ ჩვენს მიერ დაწყებული 30-კილომეტრიანი უსაფრთხო ზონის პროექტის დაუსრულებელ მონაკვეთებთან დაკავშირებით... ოპერაციის მთავარი სამიზნეები იქნება ტერიტორიები, რომლებიც არის ჩვენს ქვეყანაზე თავდასხმის ცენტრები და უსაფრთხოების ზონები". – თქვა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. 

თურქეთის პრეზიდენტს ოპერაციის დამატებითი დეტალები არ გაუმხელია, თუმცა თქვა, რომ როდესაც სამხედროები, დაზვერვა და უსაფრთხოების ძალები მომზადებას დაასრულებენ, მოქმედებები მაშინვე დაიწყება. 

ჩრდილოეთ სირიაში თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა ამ დრომდე სამი დიდი სპეცოპერაცია ჩაატარეს და დაიკავეს საზღვრისპირა ტერიტორიები, რათა უზრუნველყონ ისლამური სახელმწიფოსგან (ISIS) და სირიელი ქურთების შეიარაღებული დაჯგუფება სახალხო დაცვის შენაერთებისგან (YPG) უსაფრთხოება. 

თურქეთს YPG ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავს გამოცხადებული. ანკარა მიიჩნევს, რომ YPG თურქეთში აკრძალული და ტერორისტულ დაჯგუფებად გამოცხადებული ქურთების მუშათა პარტიის (PKK) სირიული შტოა. PKK თურქეთის მთავრობას 1980-იანი წლებიდან ებრძოდა და ამ პროცხეს ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ერდოღანის მიერ ოპერაციის დაანონსება ხდება მაშინ, როცა ის შვედეთისა და ფინეთის NATO-ში შესვლას ეწინააღმდეგება, რადგან ამბობს, რომ ეს ქვეყნები მხარს უჭერენ PKK-სა და ქურთების სხვა ჯგუფებს, რომლებიც თურქეთს ტერორისტულ ორგანიზაციებად ჰყავს გამოცხადებული. 

კომენტარები