საქართველო-რუსეთი

საქართველოს მთავრობამ აღიარა 2008-ში სააკაშვილის შეცდომა – გაეროში რუსეთის წარმომადგენელი

UN Multimedia

გაეროში უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე Საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და 2008 წლის აგვისტოს ომი განიხილეს. რუსეთის ელჩის პირველმა მოადგილემ, დიმიტრი პოლიანსკიმ შეხვედრის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა და აგვისტოს ომის შეფასებისას აღნიშნა, რომ საქართველოს მოქმედებმა ლიდერებმა 2008 წელს სააკაშვილის მიერ დაშვებული უგუნური შეცდომა აღიარეს. 

"შემიძლია გითხრათ, რომ 2008 წლის აგვისტოში, როგორც თქვენ იცით ადგილი ჰქონდა დიდ პროვოკაციას სააკაშვილის რეჟიმის მხრიდან, რომელიც დასრულდა საქართველოსთვის უზარმაზარი პრობლემებით და ჩამოყალიბდა, ორი დამოუკიდებელი რესპუბლიკა. მას შემდეგ რეჟიმი შეიცვალა და საქართველოს მოქმედმა ლიდერებმა შეაფასეს ეს მოვლენები. მათ აღიარეს ეს უგუნური შეცდომა, რომელიც დაუშვა სააკაშვილმა. მათ ასევე ძალიან კარგად იციან ამ სიტუაციაში გარე ძალების როლი". - თქვა გაეროში რუსეთის ელჩის მოადგილემ. 

პოლიანსკის განმარტებით, უკრაინის ხელისუფლება იმავე ხაფანგში გაება, რაშიც სააკაშვილი.

"უშიშროების საბჭომ უნდა განიხილოს სადამდე შეუძლია ქვეყნის მიყვანა გარე ძალების, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ნატოს ბლოკის ინტერვენციებს და ჩარევებს. საქართველომ ცოტათი გადაიარა ეს საშინელი პერიოდი. მაგრამ არის კიდევ ერთი ქვეყანა უკრაინა, სადაც ზელენსკის რეჟიმი იმავე ხაფანგში გაება და ვნახოთ, რა შედეგს მოუტანს ეს ყველაფერი უკრაინას". - აღნიშნა პოლიანსკიმ. 

სხდომის გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებმა განცხადება გაავრცელეს და მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გააუქმოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება და მოახდინოს დროული რეაგირება ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე, რომლებიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება.

ამერიკა და პარტნიორი სახელმწიფოები გაეროში მოუწოდებენ კრემლს გამოიძიოს და დასაჯოს დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელები.

2008 წელს რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება.

კომენტარები