კრიმინალი

პროკურატურამ ბრალი წარუდგინა კაცს, რომელმაც ყოფილი ცოლი შვილის თანდასწრებით მოკლა

პროკურატურამ ყოფილი ცოლის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ი.ტ.-ს ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 12 აგვისტოს ბრალდებულმა ქალაქ ოზურგეთში სახლში მიაკითხა ყოფილ ცოლს, რომელსაც შერიგებასა და თანაცხოვრების ერთად გაგრძელების თაობაზე ეკამათა. ბრალდებული დაზარალებულს გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მათი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკურად გაუსწორდა, რის შემდეგაც მჭრელი, ბასრი საგნით სხეულზე მრავლობითი ჭრილობები და სხვა დაზიანებები მიაყენა. დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

"ბრალდებული ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისთვის და სისტემატური შეურაცხყოფისთვის ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018, 2020 და 2021 წლების განაჩენებით იყო მსჯავრდებული. სამივე საქმეზე პროკურატურა ითხოვდა პატიმრობას, საქმეები არსებითი განხილვით დასრულდა და აღნიშნულ საქმეებზე ბრალდებულს მისჯილი ჰქონდა თავისუფლების აღკვეთა. გარდა ამისა, დაზარალებულზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობისთვის 2018 და 2021 წლებში მის მიმართ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერები". – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ი.ტ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109-ე მუხლის "თ", "კ" და "მ" ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

"გარდაცვლილის მცირეწლოვან შვილთან, საგამოძიებო ორგანოების ჩართულობით მუშაობენ ფსიქოლოგი და სოციალური მუშაკი. დაზარალებულის გამოკითხვა და სხვა საგამოძიებო მოქმედებები არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ასევე ფსიქოლოგის მონაწილეობით ჩატარდება". – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები