საქართველო-რუსეთი

"ენმ-ს ფორმალური თავმჯდომარე, გაკოტრებული" – მთავრობის სტრატკომი ქამხაძეზე მელიას პოსტზე

საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი გამოეხმაურა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას პოსტს, რომელიც ქართველი სამხედროს, მიხეილ ქამხაძის პირადი დოკუმენტების რუსების ხელში აღმოჩენას შეეხებოდა. მთავრობის სტრატკომმა მელიას პარტიის "ფორმალური თავმჯდომარე", "გაკოტრებული ლიდერი" უწოდა და ინფორმაცია ცილისწამებად შეაფასა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფორმალური თავმჯდომარე, ნიკანორ მელია ავრცელებს ინფორმაციას, თითქოს თავდაცვის სამინისტროს არქივში არსებული ინფორმაცია გადაეცა ოკუპანტს, რაც, რა თქმა უნდა, არის გაკოტრებული ძალის გაკოტრებული ლიდერის მიერ მოგონილი კიდევ ერთი დეზინფორმაცია და ცილისწამება, რომელიც ემსახურება საზოგადოებაში დაძაბულობის მუხტის გაჩენას და მმართველი გუნდის დისკრედიტაციას!" – წერს მთავრობის სტრატკომი.

რუსული პროპაგანდისტული არხების მიერ გავრცელებულ ვიდეოში ოკუპანტი ყვება, რომ ლისიჩანსკში ერთ-ერთ შენობაში, საწვრთნელ ბაზაზე ქართველი მებრძოლის, მიხეილ ქამხაძის დოკუმენტები აღმოაჩინეს. პირად საქმეს, რომელიც ვიდეოში ჩანს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ლოგო და წარწერა აქვს. მასში მებრძოლის პირადი მონაცემებია შენახული. ინფორმაცია თავდაპირველად მთავარმა არხმა გაავრცელა.   

მიხეილ ქამხაძე მთავარ არხთან ინტერვიუში ამბობს, რომ პირადი საქმე 2016 წელს შეიქმნა, როდესაც თავდაცვის სამინისტროს ჩამონათვალის მიხედვით საკუთარი დოკუმენტები შეაგროვა. მისივე ინფორმაციით, ლოდინის შემდეგ თავდაცვის სამინისტრომ სამსახურში არ მიიღო, ამიტომ უკრაინაში წავიდა. 

კომენტარები