2008 წლის აგვისტოს ომი

"მეტი აქტუალური საკითხი არ არის ქვეყანაში?" – რიჟვაძე კითხვაზე, თუ როდის დაიწყო ომი

ქართული ოცნება / Facebook

"მეტი აქტუალური საკითხი არ არის ქვეყანაში დარჩენილი, თქვენი აზრით?" – ასე უპასუხა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ჟურნალისტის კითხვას, 2008 წლის აგვისტოს ომი 7 აგვისტოს დაიწყო, თუ 8 აგვისტოს.

რიჟვაძეს ასევე ჰკითხეს, თუ ვინ დაიწყო ომი და არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი, რასაც მან "სამარცხვინო" უწოდა.

"დღეს აქ რომ მობრძანდით, მხოლოდ მთავრობის ვალდებულება არ არის პატივი მიაგოს გმირებს, ყველას ვალდებულებაა, რომ მშვიდობიან ქვეყანაში ვცხოვრობდეთ. ჩვენც ყოველდღე ვაკეთებთ ალბათ რაღაცას მათი ხსოვნისთვის და დღეს ამ კონტექსტით რომ სვამთ კითხვებს, ჩემი აზრით, სამარცხვინოა". – თქვა რიჟვაძემ.

რუსეთ-საქართველოს ომი 14 წლის წინ, 2008 წლის 7 აგვისტოს დაიწყო და 5 დღის განმავლობაში გრძელდებოდა. რუსეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ კონფლიქტი 8 აგვისტოს დაიწყო. ქართული ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლები დაღუპული სამხედროებისთვის პატივის მისაგებად მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ყოველ წელს 8 აგვისტოს მიდიან.

რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება.

კომენტარები