2008 წლის აგვისტოს ომი

ღარიბაშვილი აგვისტოს ომზე: სააკაშვილის და მისი გუნდის ღალატი იყო, გაწირეს ქვეყანა, ხალხი

თქვენი ტელევიზიების დე ფაქტო მფლობელის, ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის უგუნურმა პოლიტიკამ, მისმა გაუთვლელმა პროვოკაციულმა ნაბიჯებმა, განაპირობა ის, რომ მათ თავიდან ვერ აიცილეს ეს ტრაგიკული ომი. ეს იყო სააკაშვილის და მისი გუნდის ღალატი, მათ გაწირეს ჩვენი ქვეყანა და გაწირეს ჩვენი ხალხი, გაწირეს ჩვენი სამხედროები. მე კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა შემდეგი, თქვენთან [ჟურნალისტებთან] საუბარს მე ვასრულებ, ეს არის ჩვეულებრივი პროვოკაციული კითხვები.

მე მინდა ჩვენს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ შევახსენო, დღეს რომ გამოდიან და თავს რომ დებენ დიდ პატრიოტობაზე, მათ მინდა შევახსენო – აგვისტოს ომის შემდეგ რამდენიმე თვე იყო გასული და სააკაშვილმა უკვე 2009 წლიდან დაიწყო რუსულ სახელმწიფო ორგანიზაციებზე სტრატეგიული ობიექტების გადაცემა. გახსოვთ, მაშინ ჩვენ მოვისმინეთ, რომ რუსულ ფულს თურმე მაშინ სუნი არ ჰქონდა. მეორე – სააკაშვილის ხელისუფლებამ ცალმხრივად გააუქმა უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის. მესამე – სააკაშვილის ხელისუფლებამ ომის შემდეგ არავითარი ქმედება არ განახორციელა, რომ თუნდაც სანქციების ორგანიზება გაეკეთებინა, რომ დაეწყოთ მუშაობა, იმისთვის, რომ გარკვეული სანქციები დაკისრებოდა რუსეთს, ოკუპაციის გამო. მას შემდეგ, გრძელდებოდა მთელი ის ქმედებები, რაც დღესაც გრძელდება. ამის ნაცვლად მათ ცალმხრივად გაუხსნეს უვიზო რეჟიმი, გადასცეს რუსულ სახელმწიფო კომპანიებს სტრატეგიული ობიექტები და შემდეგ უკვე ვნახეთ, რომ მხარი დაუჭირეს რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას.

თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მებრძოლებისთვის პატივის მიგების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ომში დაღუპულებისთვის პატივის მისაგებად 7 აგვისტოს ნაცვლად, კვლავ 8 აგვისტოს მივიდნენ

კომენტარები