რუსული ოკუპაცია

პრემიერი ბიჭვინთის რუსეთისთვის გადაცემაზე: ზედმეტი აჟიოტაჟი არ უნდა ავტეხოთ

"მე მოვუწოდებდი პოლიტიკოსებს, რომ ზედმეტი აჟიოტაჟი არ უნდა ავტეხოთ" - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბიჭვინთის ტერიტორიის ნაწილის რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემაზე განაცხადა. მისი თქმით, "არა მხოლოდ ბიჭვინთა, არამედ მთელი აფხაზეთი, ჩვენი ძირძველი, ისტორიული ტერიტორია და სამაჩაბლო, ცხინვალის რეგიონი, არის დროებით ოკუპირებული რუსეთის მხრიდან".

"შესაბამისად, რა თქმა უნდა, მე მოვუწოდებდი პოლიტიკოსებს, რომ ზედმეტი აჟიოტაჟი არ უნდა ავტეხოთ. მე მათ შევახსენებდი, რომ სწორედ მათი უგუნური პოლიტიკის შედეგია, რომ კოდორის ხეობა დავკარგეთ, რომელსაც არავითარი შემხებლობა არ  ჰქონდა, აი, ამ კონფლიქტთან და 100 ზე მეტი სოფელი. ჩვენ ჩვენი გონივრული პოლიტიკით ვაკეთებთ იმას, რომ ქვეყანაში შენარჩუნებულია სიმშვიდე, სიწყნარე, სტაბილურობა და ჩვენ ჩვენი ასეთივე გონივრული პოლიტიკით, ჩვენს ქვეყანას გავაერთიანებთ" - ამბობს ღარიბაშვილი.

21 ივლისს ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. პარლამენტმა მიმართა ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლოს და გაუგზავნა თანხმობა, რუსეთის ფედერაციისთვის ბიჭვინთის ტერიტორიის ნაწილის გადაცემასთან დაკავშირებით.

2022 წლის 19 იანვარს მარიონეტულ აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის გაფორმდა ე.წ. შეთანხმება ბიჭვინთის ტერიტორიაზე მყოფი ობიექტების მოსკოვისთვის გადაცემაზე.

შეთანხმების მიხედვით, რუსეთს უსასყიდლოდ გადაეცემა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის კომპლექსი, დაახლოებით 180 ჰექტარი მიწა და მიმდებარე აკვატორია.

გასულ დღეებში ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტმა ლიდერმა, ასლან ბჟანიამ თქვა, რომ განიხილებოდა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების, მათ შორის ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემა.

ბჟანიამ ტერიტორიის გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობაც გამოთქვა. რუსეთის ფედერაციას ბიჭვინთის აგარაკის მიღება ჯერ კიდევ 1995 წელს სურდა, როდესაც ტერიტორიის გადმოფორმების ე.წ. შეთანხმება გააფორმეს.

ე.წ. შეთანხმებასა და პირობებს განიხილავენ რუსეთის პარლამენტშიც

კომენტარები