ოკუპირებული აფხაზეთი

პრეზიდენტი: რასაც ბიჭვინთაში ვხედავთ, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ფორმაა

ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ეხმიანება ოკუპირებული აფახეთის ე.წ. მთავრობის გადაწყვეტილებას, ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკისა და მის მიმდებარედ მიწის რუსეთისთვის გადაცემაზე და საერთაშორისო საზოგადოებას მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდებს. 

"ის, რასაც ბიჭვინთაში ვხედავთ, არის რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ფორმა. ჩვენ ვხედავთ ხალხის ძლიერ რეაქციას მოვლენებზე. ეს არის უწყვეტი ოკუპაციის შედეგი.

კატეგორიულად ვგმობ ამას და მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას მკაცრი რეაგირებისკენ".- წერს ზურაბიშვილი TWITTER-ზე. 

21 ივლისს ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. პარლამენტმა მიმართა ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლოს და გაუგზავნა თანხმობა, რუსეთის ფედერაციისთვის ბიჭვინთის ტერიტორიის ნაწილის გადაცემასთან დაკავშირებით.

2022 წლის 19 იანვარს მარიონეტულ აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის გაფორმდა ე.წ. შეთანხმება ბიჭვინთის ტერიტორიაზე მყოფი ობიექტების მოსკოვისთვის გადაცემაზე.

შეთანხმების მიხედვით, რუსეთს უსასყიდლოდ გადაეცემა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის კომპლექსი, დაახლოებით 180 ჰექტარი მიწა და მიმდებარე აკვატორია.

გასულ დღეებში ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტმა ლიდერმა, ასლან ბჟანიამ თქვა, რომ განიხილებოდა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების, მათ შორის ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემა.

ბჟანიამ ტერიტორიის გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობაც გამოთქვა. რუსეთის ფედერაციას ბიჭვინთის აგარაკის მიღება ჯერ კიდევ 1995 წელს სურდა, როდესაც ტერიტორიის გადმოფორმების ე.წ. შეთანხმება გააფორმეს.

ე.წ. შეთანხმებასა და პირობებს განიხილავენ რუსეთის პარლამენტშიც.


აღსანიშნავია რომ ამ ფაქტს, ქართული ოცნების მხრიდან ამ დრომდე არავინ გამოხმაურებია. 

 

კომენტარები