რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ISW: ოკუპანტები ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში კონტრშეტევისთვის ემზადებიან

რუსი ოკუპანტი უკრაინაში
ТАСС

Institute for the Study of War-ის (ISW) 25 ივლისის ანგარიშის მიხედვით, რუსეთის საოკუპაციო ჯარები ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ კონტრშეტევისთვის ემზადებიან.

ანგარიშის მიხედვით, საოკუპაციო ხელისუფლება აგრძელებს ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ფედერაციასთან ანექსიის პირობების შექმნას და მათზე ადმინისტრაციული კონტროლის გაფართოებას.

რუსეთის ძალებმა ბახმუტის სამხრეთით გარკვეულ წინსვლას მიაღწიეს, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ წინსვლის ეფექტურად გამოყენება შეძლონ და ქალაქზე სრული კონტროლი დაამყარონ. რუსეთის ჯარებმა ასევე განახორციელეს შეზღუდული სახმელეთო შეტევები ხარკოვის ჩრდილოეთით, სევერსკისა და ბახმუტის აღმოსავლეთით და აღმოსავლეთით.

გავრცელებული ინფორმაციით, კრემლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსი პასპორტების მფლობელთა ფონდის გაფართოებას ცდილობს. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა 25 მაისს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ხერსონისა და ზაპოროჟიის ოლქებში რუსული პასპორტის აღების პროცედურას გაამარტივებს. ე. წ "მასობრივი პასპორტიზაციის“ განახლებული კამპანია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარეობს. საოკუპაციო ხელისუფლებამ შესაძლოა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეს საშუალება გამოიყენოს, რადგან რუსული პასპორტის მქონე ადამიანები იძულებით სამხედრო სამსახურს დაექვემდებარებიან.

დიდი ადამიანური დანაკარგის ფონზე რუსეთის სამხედრო ძალები, შესაძლოა, უკრაინის მოქალაქეების ომში გაწვევას გეგმავდნენ. უკრაინის სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალები ოკუპირებულ ზაპოროჟიასა და ხერსონის ოლქებში ფსევდო-რეფერენდუმების გამართვას აპირებენ, რათა იძულებითი მობილიზაცია გამოაცხადონ და "მობილიზებული" უკრაინელები ფრონტის ყველაზე ცხელ წერტილებში გაუშვან. თუ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, ეს რუსეთის სამხედრო ძალების წინააღმდეგ დამატებით პროტესტისა და პარტიზანული მოქმედებების გახშირებას გამოიწვევს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში. უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები