გაუპატიურების მცდელობა

პროკურატურა: დუშეთში ერთმა პირმა მეორე მანქანაში ჩაკეტა, შებოჭა და გაუპატიურება სცადა

Tabula

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, დუშეთში ერთმა პირმა მეორე საკუთარ ავტომანქანაში ჩაკეტა, ძალის გამოყენებით შებოჭა და მისი გაუპატიურება სცადა. უწყებისვე ინფორმაციით, ფაქტზე დაკავებულია ერთი ადამიანი.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 3 ივლისს, ღამის საათებში, ბრალდებულმა დაზარალებული საკუთარ ავტომობილში ჩაკეტა, ძალის გამოყენებით შებოჭა და მისი გაუპატიურება სცადა, თუმცა ვერ შეძლო დაზარალებულის მხრიდან გაწეული წინააღმდეგობის გამო. აღნიშნულის შემდეგ, ბრალდებული დაზარალებულს სოციალური ქსელის მეშვეობით გაუპატიურებით და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა". - წერია განცხადებაში.

პროკურატურის ცნობით, ბრალდებულს ბრალი გაუპატიურების მცდელობისთვის, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და მუქარისთვის წარედგინა, რაც 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები