ნიდერლანდები

ნიდერლანდებში ქართველი კაცი ქალისთვის ნარკოტიკების შემცველი ნემსით ჩხვლეტის გამო დააკავეს

Nicole van den Hout

ნიდერლანდებში სასამართლომ 31 წლის ქართველ კაცს ქალაქ ჰააგაში გამართულ ფესტივალზე, ქალისთვის ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი ნემსით ჩხვლეტის გამო 5-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

როგორც გამოცემა NU.nl წერს, ეს ნიდერლანდებში პირველი შემთხვევაა, როდესაც სასამართლომ დაადასტურა, რომ ადამიანმა მეორე ადამიანის ორგანიზმში ნემსით ნივთიერება უნებართვოდ შეიყვანა.

ინციდენტი 18 ივნისს, ჰააგის გარე ცეკვის ფესტივალზე მოხდა, მამაკაცი შემთხვევის ადგილზე დააკავეს. გამოძიებამ კი დაადგინა, რომ ნემსი სხვადასხვა ნივთიერებას, მათ შორის კოკაინსა და ჰეროინს შეიცავდა.

როგორც გამოცემა წერს, რამდენიმემ მოწმემ დაინაცა, რომ მამაკაცმა ნემსი რამდენიმე ადამიანს გაუკეთა, თუმცა სასამართლო მას მხოლოდ ერთ შემთხვევაზე ედავება.

ფესტივალის ტერიტორიაზე მოქმედმა სამედიცინო პერსონალმა ქალის ფეხზე წითელი წერტილი აღმოაჩინა, რომელიც მათი თქმით, ნანემსარია. ამის შემდეგ კი ქალი თავბრუსხვევის გამო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

აღსანიშნავია, რომ ბრალდებულმა აღიარა, რომ ნემსი თან ჰქონდა, თუმცა თავდასხმა უარყო. მისი თქმით, მას კბილის ტკივილი აწუხებდა და ნემსიც სწორედ ამისთვის სჭირდებოდა.

კომენტარები