ნიკა გვარამიას საქმე

"შვებულებები გვაქვს” – სააპელაციომ გვარამიას მორიგი პროცესი 4 ოქტომბერს ჩანიშნა

თბილისის სააპელაციო სასამართლოში მთავარი არხის დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას პროცესი 4 ოქტომბრამდე გადაიდო. ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთ მიზეზად, მოსამართლეთა კოლეგიამ აგვისტოს თვეში მათი შვებულებები დაასახელა.

"რაც შეეხება შემდეგი სხდომის თარიღს. უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოება, რომ აგვისტოში შვებულებებია და ჩვენ საკმაოდ არამყარი შემადგენლობა გვაქვს და გარკვეული პერიოდი ერთდროულად ვერც გავდივართ იმიტომ, რომ ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო, მოსამართლეები აუცილებლად უნდა იყვნენ სასამართლოში, ამიტომ გრაფიკი განაწილებული გვაქვს. სექტემბერი ფაქტობრივად უკვე ბოლომდე გვაქვს შევსებული. ამიტომ, შემდგომი სხდომის თარიღად გთავაზობთ 4 ოქტომბერს, 14:00 საათს. სამწუხაროდ, სხვა გამოსავალი არ არის. აქ რომ ერთ მოსამართლეზე იყოს დამოკიდებული, შეიძლება რაღაც ლავირება მოახდინოს, მაგრამ ასე არ არის". - თქვა სხდომის დასრულების შემდეგ მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ.

შეგახსენებთ, რომ პირველი ინსტანციის განჩინების შემდეგ, ნიკა გვარამიას პროცესებმა სააპელაციო სასამართლოში გადაინაცვლა.

16 მაისს მთავარი არხის დირექტორს ნიკა გვარამიას მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ 50 000-ლარიანი ჯარიმა და 3 წლის და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასჯელის შთანთქმის პრინციპით გვარამიას ჯარიმა მოეხსნა და საბოლოო სასჯელად პატიმრობა დარჩა. მოსამართლის განკარგულებით, მთავარი არხის დირექტორი სასამართლო დარბაზში დააკავეს. 

ნიკა გვარამია რუსთავის 2-ის საქმეზე რამდენიმე მუხლით იყო ბრალდებული (ყალბი დოკუმენტაციის დამზადება, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია, კომერციული მოსყიდვა და ქონების გაფლანგვა). მოსამართლემ პირველ სამ ბრალდებაში გაამართლა, გაფლანგვის მუხლი კი, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით გადაუკვალიფიცირა.

კომენტარები