რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ევროკავშირი უკრაინის სამხედრო დახმარებას €500 მილიონით ზრდის

Josep Borrell Fontelles / Twitter

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის თქმით, ევროკავშირში უკრაინის სამხედრო დახმარების €500 მილიონით გაზრდაზე შეთანხმდნენ.

€500 მილიონის გათვალისწინებით, ევროკავშირმა ჯამში უკრაინას  €2.5 მილიარდი სამხედრო დახმარება გაუწია. 

"გადაწყვეტილებას საბოლოოდ უახლოეს დღეებში მივიღებთ, თუმცა დღეს მინისტრები ამაზე შეთანხმდნენ". - აღნიშნა ბორელმა სამხედრო დახმარების ზრდასთან დაკავშირებით.

თანხა გაიცემა ევროკავშირის ევროპის სამშვიდობო ფონდის (EPF-ის) მეშვეობით, რომელიც აერთიანებს ბლოკის წევრებს, რათა უკრაინას იარაღი რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ ბრძოლაში დასახმარებლად გაუგზავნონ.

ბორელის თქმით, სანქციები ეფექტურად მუშაობს რუსეთის წინააღმდეგ, ამიტომ ალიანსი ზომების გამკაცრებას გეგმავს. საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ასევე განიხილეს ევროკომისიის გეგმები რუსული ოქროს იმპორტის აკრძალვის შესახებ.

გადაწყვეტილებას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელიც გამოეხმაურა: მან Twitter-ზე დაწერა, რომ მიესალმება მინისტრების შეთანხმებას ახალ დაფინანსებასთან დაკავშირებით და, ასევე აღნიშნა, რომ "ევროპა აგრძელებს მშვიდობისა და ღირებულებების დაცვას".

ევროკავშირმა პირველად თებერვალში 500 მილიონი ევრო EPF-ში გაგზავნა და შემდეგ რამდენჯერმე შეავსო ფონდი. თანხის ეს მეხუთე ტრანში, რომელიც ჯერ ევროკავშირის ქვეყნებმა უნდა დაამტკიცონ, მთლიან მხარდაჭერას  €2.5 მილიარდამდე გაზრდის.

კომენტარები