ევროკომისიამ €5.4 მილიარდის ღირებულების წყალბადის პროექტი დაამტკიცა. გავრცელებული ინფორმაციით, მას ერთობლივად ევროკავშირის 15 ქვეყანა და 35 კომპანია აფინანსებს.
მონაწილე კომპანიებს შორის არიან Alstom-ი, Daimler Truck-ი, Ansaldo, Bosch-ი, Enel-ი, Fincantieri, Orsted-ი და Plastic Omnium-ი. ჯგუფი მონაწილეობას წყალბადის სქემის 41 პროექტში მიიღებს, რომელიც ფოკუსირებულია წყალბადის, საწვავის უჯრედების გენერირებაზე, წყალბადის შენახვაზე, ტრანსპორტირებასა და განაწილებაზე და საბოლოო მომხმარებლების აპლიკაციებზე, განსაკუთრებით მობილობის სექტორში.
"რუსეთის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ ხაზს უსვამს ევროპაში ენერგორესურსების წყაროების დივერსიფიცირების და მწვანე ტექნოლოგიებზე გადასვლის აუცილებლობას. ბევრ საჭირო ტექნოლოგიას შორის წყალბადი შეუცვლელი კომპონენტია". - თქვა ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტმა, მარგრეტე ვესტაგერმა.
ამასთან ერთად, ბოლოს გათვალისწინებული ფართო და უპრეცედენტო სანქციების ეფექტურობის გასაზრდელად ევროკომისია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეშვიდე პაკეტზე შეთანხმდა. ახალ პაკეტს წევრი სახელმწიფოები განიხილავენ და, საბოლოოდ, ევროსაბჭოში მიიღებენ.
ახალი პაკეტით გათვალისწინებულია, რუსული ოქროს იმპორტის აკრძალვისა და მოწინავე ტექნოლოგიების ექსპორტის კონტროლის გამკაცრება. ამით ის გააძლიერებს ევროკავშირის სანქციების შესაბამისობას დიდი შვიდეულის პარტნიორებთან.
"ევროკავშირის სანქციები მკაცრი და მძიმეა. ჩვენ ვაგრძელებთ პუტინთან და კრემლთან დაახლოებული პირების მიზანში ამოღებას". - აღნიშნა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ჯოზეფ ბორელმა.
მიღებული პაკეტი იმეორებს ევროკომისიის მტკიცე პოზიციას, დაიცვას სურსათის უსაფრთხოება მთელს მსოფლიოში, ამიტომ ევროკავშირის სანქციები არ ეხება მესამე ქვეყნებსა და რუსეთს შორის სოფლის მეურნეობის პროდუქტებით ვაჭრობას.





