ნიკა გვარამიას საქმე

სუბარი ჩხიკვაძეზე: დეგნანისგან უფრო მკაფიო პასუხებს ველოდები, ძალიან ბევრი კითხვაა

ივანიშვილის დეპუტატი, სოზარ სუბარი ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის, ლაშა ჩხიკვაძის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ საქართველოში აშშ-ს ელჩისგან, კელი დეგნანისგან "მკაფიო პასუხების მოსმენას" ელოდებიან.  

"სასამართლოს დამოუკიდებლობაში ვერავინ ვერ ჩაერევა. როცა მოსამართლეები იწყებენ სიმართლის ლაპარაკს იმ ზეწოლაზე, როემლსაც, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა, ეს არის გაბედულება, ეს არის ძალიან კარგი და ეს არის კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯი საქართველოს სასამართლოს დამოუკიდებლობის განმტკიცებისკენ. ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდებოდა, მსგავსი წინადადება რომელიმე მოსამართლეს ეთქვა, რომ რომელიმე მინისტრმა ან პარლამენტარმა დაურეკა მას და მასზე ზეწოლას ჰქონდა ადგილი. წარმოუდგენელი ამბავი მოხდებოდა. დღეს იმის ნაცვლად, რომ ჩვენ დავიცვათ სასამართლოს დამოუკიდებლობა, ცდილობენ ისევ მოსამართლე ჩხიკვაძე დააბულინგონ და მოსამართლეებზე ზეწოლას ჰქონდეს ადგილი. ეს არის წარმოუდგენელი.  

ველოდები, რომ ქალბატონი დეგნანის მხრიდან უფრო მკაფიო პასუხები მოვისმინოთ. არა მხოლოდ ამ კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით, არამედ ძალიან ბევრი კითხვაა,  აღარ ჩამოვთვლი, ეს დღეებში არაერთხელ გავიმეორეთ". - ამბობს სუბარი იმედთან ინტერვიუში. 

ივანიშვილის დეპუტატი ამბობს, რომ დეგნანისგან ელოდება პასუხს, თუ რატომ იყო მიწვეული აშშ-ს დამოუკდიებლობის დღისადმი მიძღვნილ წვეულებაზე ტელეკომპანია პირველის დამფუძნებელი, ვატო წერეთელი, მაშინ, როდესაც, მისივე სიტყვებით, იქ არი იყო "საქართველოში ყველაზე ნეიტრალური ორგანოს", საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის ხელმძღვანელი. 

"არის ერთგვარი დაყოფა ქართული საზოგადოების, პოლიტიკური სპექტრის თუ ჟურნალისტების რაღაც ნაწილად, რომლის ერთი ნაწილი, როგორც ჩანს, გარკვეულ მოწონებას იმსახურებს ქალბატონი დეგნანის მხრიდან და მეორენი, პირიქით, მიუღებელნი არიან. აქ იგულისხმება ქალბატონი დეგნანის მიერ გაკეთებული წვეულებაც, სადაც მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს ის მოსამართლეები ესწრებოდნენ, რომლებიც გარკვეულ ოპოზიციურ პარტიებთან სიახლოვეში არიან შემჩნეულები. ან, ვთქვათ, როდესაც ამერიკის დამოუკიდებლობის დღეზე უცებ ხდება მიწვევა იმ ადამიანის, ჭუტა წერეთლის, რომელიც შეიჭრა საქართველოს პარლამენტში, დაარღვია კონსტიტუცია, კანონი, ჩაიდინა კრიმინალი, რასაც არ მოჰყოლია შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება, რომელიც იქ სკანდალს აწყობს და ამ დროს არ ხდება მიწვევა, მაგალითად, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის ხელმძღვანელის, რომელიც არის ყველაზე ნეიტრალური ორგანო საქართველოში. როდესაც არ ხდება არაერთი სხვა ტელევიზიის წარმომადგენლების მიწვევა, რომლებიც არ არიან მაინცდამაინც ენმ-ს მიერ დაფინანსებულები. კარგი ქინება ასეთი ეჭვების საფუძელი რომ არ არსებობდეს საზოგადოებაში, ქართველ ხალხში". - ამბობს სუბარი. 

დღეს, 15 ივლისს ლაშა ჩხიკვაძემ განცხადება გააავრცელა და ევროპარლამენტარების "ზეწოლასა" და აშშ-ს საელჩოს მხრიდან "ანგარიშის მოთხოვნაზე" ისაუბრა. ჩხიკვაძის მტკიცებით, აშშ-ს საელჩოს თანამშრომელმა კევინ ბურკმა მას უთხრა, რომ კელი დეგნანს აინტერესებდა, რატომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი და განსაკუთრებით, რატომ გამოიყენა სასჯელად თავისუფლების აღკვეთა. ჩხიკვაძის თქმით, ბურკმა ასევე უთხრა, რომ აშშ-ში მოსამართლეების დაგეგმილ ვიზიტში მისი მონაწილეობა არასასურველი იქნებოდა და სიიდან ამოიღეს. ლაშა ჩხიკვაძე მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს, "თავი შეიკავონ სასამართლოზე ზეწოლისაგან და მოსამართლეებს მიეცეთ საშუალება, მართლმსაჯულება განახორციელონ მშვიდ გარემოში და გადაწყვეტილებები მიიღონ საქართველოს კონსტიტუციის, კანონისა და შინაგანი რწმენის საფუძველზე".  

განცხადებას გამოეხმაურა კელი დეგნანი და თქვა, რომ ნებისმიერი განცხადება იმის შესახებ, რომ აშშ სასამართლო პროცესში ერეოდა, სიმართლე არ არის.  

ჩხიკვაძის წერილი სრულად - ნახეთ აქ.   

"კატა-თაგვობანას თამაში დაასრულონ" – ჩხიკვაძე დეგნანისგან განმარტებას ითხოვს

მას შემდეგ, რაც ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამიას პატიმრობა მიუსაჯა, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის აშშ-ის მთავრობის დაფინანსებული პროგრამით შეერთებულ შტატებში საქმეზე გამოტანილი განაჩენის გამო აღარ გაემგზავრებოდა. საპასუხოდ, ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ "სპეკულაციებს საელჩოს ერთი მცირე განცხადება მარტივად დაასრულებდა". მანვე აღნიშნა, რომ "მოსამართლისთვის ვიზიტის გაუქმება რომ ეკადრა ვინმეს, სხვა მოსამართლეებიც გააუქმებდნენ". 

ამის შემდეგ, 5 მოსამართლე, რომელიც აშშ-ს საელჩოს პროგრამაში ლაშა ჩხიკვაძესთან ერთად იყო, აშშ-ში ტრენინგზე არ წავიდა.  

კომენტარები