ირანი

რაისი აშშ-ს: ირანი რეგიონში ნებისმიერ შეცდომას ხისტ და სავალალო პასუხს გასცემს

ებრაჰიმ რაისი

მას შემდეგ, რაც ისრაელმა და აშშ-მ უსაფრთხოების პაქტი გააფორმეს, ირანის პრეზიდენტი, ებრაჰიმ რაისი ამერიკას რეგიონში კრიზისის შექმნის შემთხვევაში ხისტი პასუხით ემუქრება.

"ვაფრთხილებ ამერიკელებსა და მათ რეგიონალურ მოკავშირეებს, რომ ირანელი ერი არ მიიღებს რეგიონში რაიმე სახის კრიზისს თუ საშიშროებას და ამ რეგიონში ნებისმიერ შეცდომას მოჰყვება ხისტი და სავალალო პასუხი". – თქვა ებრაჰიმ რაისიმ.

ახლო აღმოსავლეთში ვიზიტების ფარგლებში, იერუსალიმში აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის პრემიერმინისტრ იაირ ლაფიდთან გააფორმა ერთობლივი სტრატეგიული დეკლარაცია, რომელშიც აშშ პირობას დებს, რომ "ეროვნული ძალის ყველა ელემენტს" გამოიყენებს, რათა ირანს ხელი შეუაშალოს ბირთვული იარაღის შეძენაში.

"შეერთებული შტატები ხაზს უსვამს, რომ ამ პირობის განუყოფელი ნაწილია ვალდებულება - არასდროს მისცეს ირანს ბირთვული იარაღის შეძენის საშუალება და რომ მზადაა გამოიყენოს ეროვნული ძალის ყველა ელემენტი ამ შედეგის უზრუნველსაყოფად". – წერია დეკლარაციის ტექსტში.

ასევე, აშშ დებს პირობას, რომ რეგიონში ირანის პირდაპირი თუ ირიბი აგრესიული ქმედებების წინააღმდეგ წავა.

"შეერთებული შტატები ასევე ადასტურებს ვალდებულებას ითანამშრომლოს სხვა პარტნიორებთან ერთად, რომ დაუპირისპირდეს ირანის აგრესიისა და დესტაბილიზაციის ქმედებებს, იქნება ეს პირდაპირი თუ მარიონეტული და ტერორისტული ორგანიზაციების მეშვეობით, როგორიცაა ჰეზბოლა, ჰამასი და პალესტინური ისლამური ჯიჰადი". – წერია შეთანხმებაში. 

კომენტარები