ევროს კურსი

ევრო დოლართან მიმართებით აბსოლუტურ პარიტეტზეა – €1-ს ღირებულება ზუსტად $1-ია

ევრო დოლართან მიმართებით სრულ პარიტეტზეა - 13 ივნისის მონაცემებით, 1 ევროს ღირებულება ზუსტად 1 ამერიკული დოლარია. 

24 თებერვლიდან დღემდე, ევრომ დოლართან მიმართებით თავისი ღირებულების დაახლოებით 12% დაკარგა. ევროკავშირის 19 ქვეყნის ერთიანი ვალუტის გაუფასურება დიდწილად დოლარის სიძლიერითა და ევროზონის ეკონომიკური ზრდის პროგნოზების გაუარესებითაა განპირობებული. 

დოლარის სიძლიერეს ამერიკის ფედერალური რეზერვის ხისტი მონეტარული პოლიტიკა განაპირობებს. ივნისში კომიტეტმა საპროცენტო განაკვეთი 75 საბაზო პუნქტით გაზარდა და ვარაუდობენ, რომ მომდევნო შეხვედრაზე კიდევ უფრო გაიზრდება. 

გაზრდილი საპროცენტო განაკვეთი, ერთი მხრივ, ინფლაციის შემაკავებელი ინსტრუმენტია, ხოლო, მეორე მხრივ, ვალუტის გამყარებას უწყობს ხელს, რადგან, თანხის იმ ბანკებში განთავსება, სადაც უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთებია, ინვესტორებისთვის უფრო დიდ უკუგებას იძლევა, ვიდრე ისეთი რეგიონის ბანკებში, სადაც რეფინანსირების განაკვეთი 1%-მდეა, მაგალითად, ევროზონაში. 

თუმცა, მონეტარული პოლიტიკის სწრაფი და ხისტი გამკაცრება ხშირად რეცესიის პროცესებს აჩქარებს, შესაბამისად, ევროპის ცენტრალურ ბანკს საკმაოდ ფრთხილად და თანმიმდევრულად მოქმედება მოუწევს, რათა ინფლაციის შესაკავებელი და ვალუტის გასამყარებელი ბერკეტი სწორად გამოიყენოს. 

მაღალია ალბათობა იმისა, რომ უახლოეს დღეებში €1 ღირებულება პარიტეტსაც კი ჩამოცდეს. განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებასაც, რომ ევროპა რუსულ ენერგორესურსებზე დიდწილადაა დამოკიდებული, არსებული გეოპოლიტიკური ვითარება და არასტაბილური ფასები კი ინვესტორებისთვის ევროს ნაკლებად მიმზიდველს ხდის. 

კომენტარები