Institute for the Study of War-ის (ISW) ანგარიშის მიხედვით, რუსეთის საოკუპაციო ძალები უკრაინაში საბრძოლო შესაძლებლობების აღსადგენად სამხედრო პაუზა აიღეს.
"ოპერატიული პაუზის განმავლობაში რუსეთის სამხედრო ძალებს არ შეუწყვეტიათ აქტიური საომარი მოქმედებები. 7 ივლისს რუსეთის ძალებმა განაგრძეს შეზღუდული სახმელეთო შეტევები, ასევე საჰაერო, საარტილერიო და სარაკეტო დარტყმები ყველა მიმართულებით". - ნათქვამია მოხსენებაში.
თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა 11 ივლისს აღნიშნა, რომ ირანი მალე რუსეთს რამდენიმე ასეულამდე უპილოტო საფრენი აპარატს მიაწვდის და რუს სამხედროებს მათ გამოყენებას შეასწავლის.
- რუსეთის სამხედრო ძალებმა სლავიანსკის ჩრდილოეთით და სივერსკის აღმოსავლეთით შეზღუდული და წარუმატებელი სახმელეთო შეტევები განახორციელეს.
- დამპყრობლებმა ბახმუტისა და ავდიივკას მიდამოებში საჰაერო და საარტილერიო დარტყმები განახორიცელეს.
- რუსეთის ჯარებმა განახორციელეს რამდენიმე წარუმატებელი სახმელეთო შეტევა ხარკოვის ჩრდილოეთით.
- რუსული და უკრაინული წყაროების ცნობით, 10 ივლისს ხერსონში რამდენიმე რუსი ოფიცერი მოკვდა უკრაინის თავდასხმების შედეგად.
გავრცელებული ინფორმაციით, კრემლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსი პასპორტების მფლობელთა ფონდის გაფართოებას ცდილობს. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა 25 მაისს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ხერსონისა და ზაპოროჟიის ოლქებში რუსული პასპორტის აღების პროცედურას გაამარტივებს. ე. წ "მასობრივი პასპორტიზაციის“ განახლებული კამპანია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარეობს. საოკუპაციო ხელისუფლებამ შესაძლოა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეს საშუალება გამოიყენოს, რადგან რუსული პასპორტის მქონე ადამიანები იძულებით სამხედრო სამსახურს დაექვემდებარებიან.
დიდი ადამიანური დანაკარგის ფონზე რუსეთის სამხედრო ძალები, შესაძლოა, უკრაინის მოქალაქეების ომში გაწვევას გეგმავდნენ. უკრაინის სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალები ოკუპირებულ ზაპოროჟიასა და ხერსონის ოლქებში ფსევდო-რეფერენდუმების გამართვას აპირებენ, რათა იძულებითი მობილიზაცია გამოაცხადონ და "მობილიზებული" უკრაინელები ფრონტის ყველაზე ცხელ წერტილებში გაუშვან. თუ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, ეს რუსეთის სამხედრო ძალების წინააღმდეგ დამატებით პროტესტისა და პარტიზანული მოქმედებების გახშირებას გამოიწვევს.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში. უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.





