საქართველო-აშშ

ბოკერია: ხელისუფლების კამპანია არ არის მიმართული პუტინის რუსეთის წინააღმდეგ

ევროპული საქართველოს თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას თქმით, ქართული ოცნების ხელისუფლება წლებია, ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებს და მათი კამპანია პუტინის რუსეთის წინააღმდეგ მიმართული არ არის.

"ივანიშვილი, მისი გარემოცვა და მთლიანად ეს რეჟიმი წლებია, ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ამ განწყობებს აღვივებდნენ, პირდაპირ და ირიბად, უფრო ირიბად, მაგრამ რაც დრო გადის, ბუნებრივია, კიდევ უფრო მკაფიო და კიდევ უფრო აღმაშფოთებელ ფორმას იღებს ეს ყველაფერი, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ლოგიკურია. როცა ამ გზაზე დგახარ, ეს სულისკვეთება გაქვს, როცა პუტინისტები შენს მოკავშირეებად მიგაჩნია კი არა, ერთ სულ და ერთ ხორც ხარ, როცა მათ ღირებულებებს იზიარებ, როცა ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ყველაფერზე წამსვლელი ხარ, ბუნებრივი მოკავშირე ხდები პუტინისტური პროპაგანდის და ამის ლოგიკური გაგრძელებაა ახლა უკვე ღიად დაპირისპირება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ელჩთან. არა დისკუსია, არამედ პირდაპირ დემონიზება და დაბრალება თავისუფალი სამყაროსთვის, საქართველოს სისხლში ჩახშობის სურვილის. ამას აკეთებს იმ ქვეყნის ხელისუფლება, რომლის 20% ოკუპირებულია, მაგრამ ამასთან ერთად, რომლის არსებობასაც საფრთხეს უქმნის პუტინის ბოროტების იმპერია. მაგრამ, ჩვენი ხელისუფლების კამპანია არ არის მიმართული პუტინის რუსეთის წინააღმდეგ. ისინი ერთ სულ და ერთ ხორც არიან მათ გზავნილებზე დასავლეთის წინააღმდეგ. ამის სამარცხვინო და ჩვენი ქვეყნისთვის უაღრესად დამაზიანებელ გამოვლინებას ვხედავთ ყოველდღე". - ამბობს ბოკერია.

აგრეთვე, ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღამბაშიძე აშშ-ს ელჩს აკრიტიკებს და ქართულ ოცნებას ტოვებს. ღამბაშიძის თქმით, "მის ქართულ ოცნებაში" არ ჯდება, რომ "მთავარი მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელი ამ ქვეყანაში, მისთვის განკუთვნილ წერილს ბოლომდეც კი არ კითხულობს". მიხეილ ყაველაშვილის, სოზარ სუბარისა და დიმიტრი ხუნდაძის მსგავსად ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ფრაქციიდან გასული პარლამენტარების მსგავსად ფიქრობს, რომ ხალხთან "უფრო ღია ტექსტები და მეტი სიმართლე" უნდა ილაპარაკოს.

კომენტარები