20 ივნისი

"ვაზნები გასინჯული გვქონდა და ხმარებიდან ამოვიღეთ" – ყოფილი სპეცრაზმელი 20 ივნისზე საუბრობს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შეიარაღების სამსახურის ყოფილმა უფროსმა, ლაშა შერგელაშვილმა TV პირველთან ექსკლუზიურ ინტერვიუში 2019 წლის 20 ივნისის ღამის მოვლენებზე ისაუბრა.

შერგელაშვილი ამბობს, რომ რეზინის ვაზნები, რომლებსაც სპეციალური დანიშნულის რაზმები იყენებდნენ, წინასწარი შემოწმების შემდეგ შეიარაღებიდან იყო ამოღებული.

"სანამ რაიმეს გამოვიყენებდით ან ჩავუშვებდით შეიარაღებაში, ყოველთვის ვსინჯავდით წინასწარ. ეს ვაზნები ჩვენ გვქონდა გასინჯული და ვიცოდით, რა ცუდი შედეგიც შეიძლებოდა ამას მოეტანა, ამიტომ ამოვიღეთ ხმარებიდან. იქ საიდან მოხვდა ეს ვაზნები, ნამდვილად არ ვიცი. [...] საშიში იყო, შესაძლებელია, ვინმე გარდაცვლილიყო კიდეც. ამიტომაც ვამბობ, რომ იმ სიტუაციებში და ასეთ ამბებში ჩვენ არ ვიყენებდით და არც გამოგვიყენებია". – თქვა შსს-ს ყოფილმა თანამშრომელმა.

შერგელაშვილი ერთ-ერთია იმ სამი პოლიციელიდან, რომელიც 20 ივნისის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კადრში ჩანან – როგორ ისვრის დამიზნებით პარლამენტის შემაღლებული ადგილიდან ერთ-ერთი სამხედრო.

"ჩვენ ვერ ვხედავდით და ვერ ვაკონტროლებდით ჩვენი რაზმელების წინა რიგებში რა ხდებოდა, ამიტომ ავედი ზემოთ, რომ უკეთესად დამენახა თუ რა სიტუაცია და ვითარება იყო იქ. შემდეგ საიდან აღმოჩნდნენ ისინი ჩემ გვერდით, ნამდვილად არ ვიცი. მე როდესაც დავინახე მისი იარაღის ლულა მიშვერილი იყო, ახლოს ხალხი იდგა და ინსტინქტურად ვუთხარი, არ ისროლო-მეთქი. მაგიტომაც ავუწიე იარაღი ზემოთ. მე ვკითხე შემდეგ, რატომ უმიზნებდი-მეთქი და ისეო, მითხრა. არ ვაპირებდი სროლასო, ასე მითხრა". – ამბობს შერგელაშვილი.

მისივე თქმით, ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირველ სამმართველოში მუშაობდა და ამ დანაყოფის არცერთ სამხედრო მოსამსახურეს რეზინის ტყვიები არ გამოუყენებია. შერგელაშვილის აზრით, ამ სახის ვაზნების აქციაზე მოხვედრის მიზეზი კომუნიკაციის ნაკლებობა, ან გაუგებრობაა. ამასთან, შერგელაშვილი ამბობს, რომ რაზმებს არ ჰქონდათ რეზინის ვაზნების გასროლის უფლება და თავდაპირველად მხოლოდ რამდენიმე გაზის ვაზნის გასროლის უფლება მისცეს.

"რა შედეგიც იქ მოხდა, მე არ ვიცი რას დავაბრალო, მაგრამ, ჩემი აზრით, ის არის, რომ უბრალოდ არ იცოდნენ რას ისროდნენ. ის ვაზნები, რამაც ეს შედეგი გამოიწვია, რომ სცოდნოდათ მათი მნიშვნელობა, დარწმუნებული ვარ, რომ არ გამოიყენებდნენ". – ამბობს შერგელაშვილი.

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შეიარაღების სამსახურის ყოფილი უფროსი იხსენებს, რომ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე თანამშრომლებმა ხელმძღვანელები სროლის შეწყვეტის შესახებ ვერ დაარწმუნეს, რადგან ამას, სავარაუდოდ, "ისინიც ვერ წყვეტდნენ".

"იყო იქ მოსაზრებები რომ, გასროლა საჭირო არ იყო, იმიტომ რომ გაცილებით გამოცდილი ადამიანები ვიყავით იქ და ვიცოდით,  რა შედეგი შეიძლება მოჰყოლოდა. ითქვა იქ, სადაც ხელმძღვანელები იყვნენ, რომ არ ვისროლოთ. ამას შეიძლებოდა უარესი შედეგი გამოეწვია და გამოიწვია კიდეც. ვერ დავარწმუნეთ [ხელმძღვანელები], იმიტომ, რომ სავარაუდოდ, ისინიც ვერ წყვეტდნენ". – თქვა შერგელაშვილმა.

ამასთან, შერგელაშვილი ამბობს, რომ დეპარტამენტის მაშინდელი ხელმძღვანელი გიორგი ყაყიჩაშვილი აქციის შემდეგ დღეებში აღარ უნახავს და მან, სავარაუდოდ, თანამდებობა დატოვა. ინტერვიუში შერგილაშვილი ასევე საუბრობს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამსახურების თანამშრომლების განწყობაზეც და ამბობს, რომ საქართველოს პარლამენტში გავრილოვის ხილვა მათთვისაც "გულსატკენი" იყო.

"ჩვენ იქ საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით გავედით, ბრძანებაც სწორედ ამას გულისხმობდა, უნდა აღგვედგინა საზოგადოებრივი წესრიგი. შემდეგ მოვლენები როგორ განვითარდა და რა შედეგი დადგა, ეს უკვე პოლიტიკური ხელმძღვანელობის ბრალია და არა ჩვენი, რიგითი სპეცრაზმელების, ან თანამშრომლების".  – ამბობს შერგელაშვილი.

2019 წლის 20 ივნისის მშვიდობიანი ანტისაოკუპაციო აქციის, გავრილოვის ღამის, დარბევის დროს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს გიორგი გახარია იკავებდა. სპეციალური დანიშნულების რაზმმა პარლამენტის წინ შეკრებილი მოქალაქეები რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით დაარბია, რა დროსაც 240 ადამიანი დაშავდა – 80 პოლიციელი, 38 ჟურნალისტი და 122 მშვიდობიანი მომიტინგე. 3-მა ადამიანმა სპეცრაზმელის ნასროლი რეზინის ტყვიით ცალი თვალი დაკარგა – მათ შორის 18 წლის მაკო გომურმაც.

კომენტარები