Institute for the Study of War-ის (ISW) ანგარიშის მიხედვით, რუსეთის საოკუპაციო ძალები უკრაინაში საბრძოლო შესაძლებლობების აღსადგენად სამხედრო პაუზა აიღეს.
" ოპერატიული პაუზის განმავლობაში რუსეთის სამხედრო ძალებს არ შეუწყვეტიათ აქტიური საომარი მოქმედებები. 7 ივლისს რუსეთის ძალებმა განაგრძეს შეზღუდული სახმელეთო შეტევები, ასევე საჰაერო, საარტილერიო და სარაკეტო დარტყმები ყველა მიმართულებით". - ნათქვამია მოხსენებაში.
- რუსეთის ხელმძღვანელობამ შესაძლოა ლისიჩანსკის და ლუგანსკის ოლქის საზღვრის აღების შემდეგ ოპერაციული პაუზის პირობები წამოაყენოს.
- რუსეთის ჯარები აძლიერებენ ტერიტორიულ და ადმინისტრაციულ კონტროლს სევეროდონეცკსა და ლისიჩანსკზე.
- დამპყრობლებმა განაგრძეს შეტევითი ოპერაციები ბახმუტის აღმოსავლეთით, რათა მოემზადებინათ შეტევა ბახმუტისა და სევერსკის წინააღმდეგ.
- ოკუპანტებმა განაგრძეს შეზღუდული და წარუმატებელი წინსვლა ხარკოვის ჩრდილოეთით.
- რუსეთის ხელმძღვანელობას შეუძლია დააყენოს პირობები ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები უკრაინის მოქალაქეების გაწვევისთვის.
გავრცელებული ინფორმაციით, კრემლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსი პასპორტების მფლობელთა ფონდის გაფართოებას ცდილობს. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა 25 მაისს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ხერსონისა და ზაპოროჟიის ოლქებში რუსული პასპორტის აღების პროცედურას გაამარტივებს. ე. წ "მასობრივი პასპორტიზაციის“ განახლებული კამპანია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარეობს. საოკუპაციო ხელისუფლებამ შესაძლოა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეს საშუალება გამოიყენოს, რადგან რუსული პასპორტის მქონე ადამიანები იძულებით სამხედრო სამსახურს დაექვემდებარებიან.
დიდი ადამიანური დანაკარგის ფონზე რუსეთის სამხედრო ძალები, შესაძლოა, უკრაინის მოქალაქეების ომში გაწვევას გეგმავდნენ. უკრაინის სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალები ოკუპირებულ ზაპოროჟიასა და ხერსონის ოლქებში ფსევდო-რეფერენდუმების გამართვას აპირებენ, რათა იძულებითი მობილიზაცია გამოაცხადონ და "მობილიზებული" უკრაინელები ფრონტის ყველაზე ცხელ წერტილებში გაუშვან. თუ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, ეს რუსეთის სამხედრო ძალების წინააღმდეგ დამატებით პროტესტისა და პარტიზანული მოქმედებების გახშირებას გამოიწვევს.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში. უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.





