თავდასხმა ვატო წერეთელზე

ბოკერია: ძალადობის ქართველობით გამართლება დიაგნოზია იმის, რაც ივანიშვილმა ქვეყანას მოუტანა

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია 30 ივნისს აშშ-ს საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა, სადაც მმართველი გუნდის დეპუტატებმა: ანრი ოხანაშვილმა, ბექა ოდიშარიამ, ირაკლი ზარქუამ და ლევან მგალობლიშვილმა ტვ პირველის დამფუძნებელზე, ვატო წერეთელზე ფიზიკურად იძალადეს.

"მე არ მახსენდება 30 წლის განმავლობაში ძალიან დაძაბულ პოლიტიკურ ვითარებაშიც კი მსგავსი ინციდენტი საქართველოს უახლოეს ისტორიაში. ეს ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების სირცხვილი, იმის გამო, რომ ასეთი ხალხი გვყავს ხელისუფლებაში, არ არის ადვილად ჩამოსარეცხი". – თქვა ბოკერიამ.

ბოკერიას თქმით, ინციდენტს ამძიმებს ქართული ოცნების წევრების განცხადებები, რომლებიც ძალადობას ქართველობით გამართლებას ცდილობენ.

ის, რომ ეს ხალხი ქართველობაზე დებს თავს და ამით ამართლებს თანამდებობის პირებისგან ჩვენს პარტნიორ ქვეყანასთან მიღებაზე სტუმრად ყოფნისას ძალადობას, არის პირდაპირი დიაგნოზი, ერთ-ერთი უმძიმესი გამოვლინება იმ დეგრადაციისა, რაც ივანიშვილმა მოუტანა ჩვენს ქვეყანას". – ამბობს ბოკერია.

ტვ პირველის დამფუძნებლის, ვატო წერეთლის თქმით, მმართველი გუნდის რამდენიმე დეპუტატი აშშ-ს საელჩოს ტერიტორიაზე თავს დაესხა. მან ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ზარქუა, ბექა ოდიშარია და ლევან მგალობლიშვილი დაასახელა.

ვატო წერეთელმა აშშ-ს ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს მიმართა და ძალადობის ამსახველი კადრების გასაჯაროება სთხოვა.  აშშ-ს საელჩოს განცხადებით, მათთვის ცნობილია დაპირისპირების შესახებ და ინფორმაციას სწავლობენ. თავად ქართული ოცნების დეპუტატი ანრი ოხანაშვილი TV პირველის დამფუძნებელს "უბინძურეს პროვოკაციაში" ადანაშაულებს.

კომენტარები